Aa Aa
10 ივნისი 2024  |  17:33

დღის წყევლა: რუსეთმა Renault-ს ბაზაზე ახალი Lada Iskra წარადგინა

Renault-ის მონაწილეობის გარეშე, რუსებმა ტექნოლოგია შეცვალეს და რუსულ ბაზარსაც მოარგეს.

რუსეთს რომ არაფერი გამოსდის, მითუმეტეს კარგად და მითუმეტეს ლამაზად, ეს ფაქტია. ჰოდა რა გასაკვირია, რომ არც მანქანების წარმოებაში უქნიათ ღმერთს და ამას უკვე წლებია, მათი „საკულტო“ მოდელებით ამტკიცებენ. ალბათ, გაგიათ გამოთქმა - „მანქანა ქვეყანაზე ხტისო" (თუ როგორცაა). თუმცა, როდესაც ცივილიზებულ სამყაროს მოწყვეტილი ჰყავხარ უნდა ქნა? ხავს ეჭიდები, ბევრსაც ვერ ახერხებ და Lada-ს უშვებ. 

საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ავტომწარმოებელმა, Avtovaz-მა ახალი მოდელი წარადგინა, რომელიც ბაზარზე 2025 წლიდან გამოჩნდება. Lada Iskra პატარა ოთხკარიანი სედანია, რომელიც კომპანიამ Renault-ისა და Dacia-ს ადგილობრივი ვერსიების ბაზაზე ააწყო. როგორც ხდება: თავისი ვერ მოიფიქრა, სხვისი აიღო და უბრალოდ გადააწყო. სამომავლოდ, კომპანია უნივერსალისა და კროსოვერის ვერსიების წარმოებასაც განიხილავს. Avtovaz-ის პრეზიდენტ მაქსიმ სოლოკოვის ინფორმაციით, პროექტის მთლიანი ინვესტიცია $258 მილიონია.

ცნობისთვის, Renault Group-მა რუსულ Lada-თან პარტნიორობა 2022 წელს სრულად გაწყვიტა. შესაბამისად, ფრანგულ ავტომწარმოებელს მანქანის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა, რუსებს წინა წლების კვლევებსა და ანგარიშებზე წვდომა ჰქონდათ, რამაც საქმე გაუმარტივათ. უბრალოდ CMF-B-ის არქიტექტურის ოდნავ შეცვლილი ვერსია გადმოაკოპირეს. ეს ტექნოლოგია Renault-ის, Dacia-სა და Nissan-ის რამდენიმე სხვა მოდელშიც გამოყენებულია.

Iskra, ბოლო წლებში, Lada-ს პირველი ახალი მოდელია, რაც ძირითადად უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული სანქციების დამსახურებაა. პარალელურად, Avtovaz-ი ბევრად „ხანდაზმული“ Granta-სა და ოდნავ უფრო დიდი ზომის Vesta-ს წარმოებასაც გააგრძელებს.

სტილის მხრივ X-Design-ი ასევე რუსული Vesta-სგან აიღეს, მაშუქებით დაწყებული, თანამედროვე LED-ებით დასრულებული. მეორე მხრივ კი, კომპაქტური სედანის პროპორციები Dacia Logan-ს მოგვაგონებს და პრინციპში ეს ლოგიკურიცაა, მანქანის ბაზიდან გამომდინარე.

თავს ისევ თავადვე იქებენ. როგორც მის ახალ Iskra-ზე საუბრისას ავტომწარმოებელმა განაცხადა, მანქანა თანამედროვე გლობალურ პლატფორმაზე მოძრაობს. პლატფორმაზე, რომელიც ხელახლა შეიქმნა და ტექნოლოგიურად დამოუკიდებელი გახდა. წარმოება კი სრულად ადგილობრივია, დამატებით იმ 400 ახალი ნაწილისა, რომელიც ამ მოდელებშია გამოყენებული.

„სრულად ახალი“ Lada სიურპრიზებს კაპოტის ქვეშაც არ მალავს. საბაზისო ვერსიას Granta-ს 1.6-ლიტრიანი ძრავა ექნება, რომელიც ჯოჯოხეთურ, სამყაროს დამანგრეველ და შავი ხვრელების ჩამთრევ 89 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 5-სიჩქარიანი მექანიკაა. მეორე 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფის მქონე ვერსიისთვის კი, ავტომწარმოებელი ახლა უკვე Vesta-ს მიადგა და მანქანის შესაძლებლობები 105 ცხენის ძალამდე გაზარდა. დანარჩენი უკვე თავად შეაფასეთ.

გაზიარება: