Aa Aa
24 სექტემბერი 2024  |  16:36

Alef-ის მფრინავ მანქანაზე წინასწარმა შეკვეთებმა 3 ათასს გადააჭარბა

გასულ წელს, კალიფორნიაში დაარსებულმა ფირმა Alef Aeronautics-მა მფრინავი მანქანის მოდელი - Alef Model A წარადგინა. თავდაპირველი გეგმით, უცნაური კონცეფციის მფრინავი ავტომობილი 2025 წელს უნდა გამოვიდეს, გასაყიდი ფასი კი - $300 000 იქნება. ამ გეგმის საბოლოოდ რეალობაში განსახორციელებლად, კომპანიამ, ახლახან, საწარმოო შეთანხმებასაც მიაღწია. 

Alef-ის ინფორმაციით, მფრინავ მანქანებზე წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ უკვე 3,200-ს გადააჭარბა. გარდა ამისა, როგორც კომპანია აცხადებს, მათ უკვე მიიღეს "საჰაერო ვარგისიანობის სპეციალური სერტიფიკატი" აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან. ამ კვირაში გაკეთებული განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია PUCARA Aero-სთან და MYC-თან, საავიაციო კლასის სერტიფიცირებული ნაწილების დასამზადებლად.

ცნობისთვის, ეს ორი კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ნაწილებს სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავებისთვის და წარმოადგენენ Boeing-ისა და Airbus-ის მომწოდებლებს.

"წინასწარი შეკვეთების მზარდი რაოდენობისა და საბოლოო დიზაინზე შეთანხმების შედეგად, კომპანიამ დაიწყო ხელშეკრულებების გაფორმება Alef Model A-ს მასობრივი წარმოების დასაწყებად. უსაფრთხოება ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია, რის გამოც არჩევანი PUCARA Aero-სა და MYC-ზე შევაჩერეთ", - განაცხადა Alef-ის წარმომადგენელმა. 

მოდელი A უნიკალურია სხვა მფრინავი მანქანებისგან - მას არც დიდი ფრთები აქვს და არც გრძელი ასაფრენი ბილიკი სჭირდება. სამაგიეროდ, მისი კორპუსის ქვეშ ოთხი მძლავრი პროპელერია განთავსებული, რომლებიც საკმარისია სატრანსპორტო საშუალების ჰაერში ასაწევად. კომპანიის განცხადებით, მანქანა დაპროექტებულია ქუჩაში გადასაადგილებლად და საჭიროების შემთვევაში ვერტიკალურად აფრენა და საცობისთვის თავის არიდება შეეძლება. 

კომპანიის პროგნოზით, Model A-ს წარმოება 2025 წლის მეოთხე კვარტალში უნდა დაიწყოს. Alef Aeronautics-ი მეორე პროექტზეც მუშაობს, ამ მფრინავი მანქანის დასახელება Model Z-ი იქნება და მისი შეძენა $35 000-ად იქნება შესაძლებელი. 

 

გაზიარება: