Aa Aa
1 ოქტომბერი 2024  |  18:36

საქართველოსა და ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა

საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და ესპანეთის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობის მიღებას შეძლებენ იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. მართვის მოწმობის მიღება თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე მოხდება. 

ცნობისთვის, საქართველოს მსგავსი ტიპის შეთანხმება ესპანეთის გარდა დამატებით ორ ქვეყანასთან - ირლანდიასთან და საბერძნეთის რესპუბლიკასთან აქვს გაფორმებული. მათგან, ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.

რაც შეეხება საბერძნეთის რესპუბლიკას, ქვეყანათა მთავრობებს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში, მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. 

წყარო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გაზიარება: