Aa Aa
25 ოქტომბერი 2024  |  19:29

მსოფლიოში უთხელესი Jeep Wrangler-ი

Jeep Wrangler-ი წლებია ბაზარზე მისი კატეგორიის ავტომობილებს შორის ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს. ეს მოდელი არაერთი კონკურენტისთვის შთაგონების წყაროდაც ქცეულა, თუმცა Wrangler JK-ის ეს მოდიფიკაცია, მისი ყველა სხვა ვერსიისგან განსხვავებულია.

Wrangler JK-ის მაროკოში მცხოვრებმა მფლობელმა ავტომობილის შასი და კორპუსი დაჭრა და მსოფლიოში უთხელესი Jeep Wrangler-ი შექმნა. მოდელის ფოტოები მალევე Instagram-ზე გავრცელდა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ხუმრობა ან ხელოვნური ინტელექტის გენერირებული დიზაინი ეგონა, გამოცემებთან თავად მფლობელმაც დაადასტურა, რომ მანქანა 100%-ით რეალურია.

ეს Wrangler-ი ზომაში ორჯერ დაპატარავებულია და სალონში, ადგილი მხოლოდ მძღოლისთვის და მის უკან, ერთი მგზავრისთვისაა დატოვებული. მოდელში ვეღარც მის საკულტო ცხაურს შევხვდებით, შეცვლილია მაშუქებიც და ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდაა განლაგებული. Wrangler-ი, უხეშად რომ ვთქვათ, სტანდარტულ მოტოციკლზე ოდნავ განიერია და დიზაინით, ანიმაციურ მანქანას წააგავს.

ზომაში დაპატარავების მიუხედავად, მფლობელმა მოდელში ქარხნული 3.6-ლიტრიანი V6 ძრავა დატოვა, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი 353 ნიუტონ მეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძნელი დასაჯერებელია, მანქანაში V6-ის არსებობას ძრავის ხმა ადასტურებს, რომელიც ვიდეოშიც ისმის.

მფლობელს, რომ უცნაური მანქანების მიმართ მიდრეკილება აქვს, ამას მისი კოლექციაც ადასტურებს. ყველაზე თხელ Wrangler-თან ერთად, მის ავტოფარეხში ყველაზე განიერი Wrangler-იც ინახება, რომელიც ორი მოდელის შეერთებითაა შექმნილი.

გაზიარება: