Dodge Model S-ი ან Tesla Challenger Helldrive-ი
Tesla-ს და Dodge-ის მოყვარულები საერთო ენას იშვიათად პოულობენ, ახალი პროექტი კი, მათ ნამდვილად ახალ საკამათო თემას მისცემს. ეს Dodge Model S Plaidcat-ია ან Tesla Challenger Helldrive – პროექტი, რომელშიც Dodge Challenger Hellcat-ის V8, Tesla Model S Plaid-ის ელექტრო ძრავამ ჩაანაცვლა.
ეს, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია BoostedBoiz-ის, პოპულარული YouTube-არხის ნამუშევარია, რომელსაც 1.4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. პროექტი რომელიც ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს გაერთიანებას გულისხმობს, ორივე მხარეს აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
პროექტი „ფრანკენშტაინი“ BoostedBoiz-ის მიერ დაზიანებული Tesla Model S Plaid-ის ყიდვით დაიწყო. თავდაპირველად, BoostedBoiz-ის გუნდი Tesla-ს ელექტროძრავის Honda Odyssey-ში განთავსებას გეგმავდა. თუმცა Odyssey-ის პროპორციების შეუსაბამობების გამო, იძულებული გახდა, გეგმები შეეცვალა.
BoostedBoiz-ის მთავარი დიზაინერის ყურადღება Dodge Challenger-ისა და Tesla Model S Plaid-ის 116.5-ინჩიანი და 116.2-ინჩიანი ბორბლების ბაზის მსგავსებამ მიიქცია. გუნდმა Challenger-ის ძარა $700-ად შეიძინა და მის ბაზაზე Tesla-ს შექმნა დაიწყო. პროექტის ყველაზე რთული ეტაპი Tesla-ს და Dodge-ის სტრუქტურების გაერთიანება აღმოჩნდა. მსგავსების მუხედავად, გუნდს ორივე მოდელის დაჭრა დასჭირდა.
საბოლოო პროექტში, Tesla Model S Plaid-ის შიდა სივრცე თითქმის უცვლელად შენარჩუნდა, მათ შორის - Tesla-ს ინტერიერი, საჭე, სავარძლები, ხოლო ექსტერიერი, სრულად, Dodge Challenger Hellcat-ის კორპუსითა და ემბლემით დაიფარა. შედეგად მივიღეთ 1 964 კილოგრამის სიმძიმის ელექტრომობილი - Dodge Model S Plaidcat-ი, რომელიც 1 020 ცხენის ძალას და 1 423 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.