პოლიციისგან გაქცევისას მოპარული BMW M4 ბეტონის ბოძს შეასკდა და ორად გაიხლიჩა
ათწლეულზე მეტია, რაც ბაზარზე BMW M4 გამოჩნდა და ამ პერიოდში მისი განადგურების არაერთი კადრი გვინახავს, თუმცა ისეთი ავარია, რომელმაც სპორტული ავტომობილი ორ ნაწილად გაყო, დიდად არ გვახსენდება.
პოლიციის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ვიდეომასალა ასახავს ფლორიდის ავტომაგისტრალზე მოპარული თეთრი BMW M4 Convertible-ის გიჟურ დევნას, რომელიც საგზაო ნიშნის ბეტონის ბოძთან შეჯახებით, მანქანის შუაზე გაგლეჯითა და აფეთქებით დასრულდა. მიუხედავად კატასტროფული დარტყმისა, ავტომობილში მყოფი ორივე პირი ცოცხალი გადარჩა. თავად ინციდენტი 2025 წლის აგვისტოში მოხდა, თუმცა კადრები საჯარო მხოლოდ ახლა, სასამართლო პროცესის ფარგლებში გახდა.
როგორ განვითარდა მოვლენები
გამოცემა News 6-ის ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ M4-ის მფლობელმა ქარხნული GPS ტრეკერის საშუალებით სამართალდამცავებს მოპარული კაბრიოლეტის ადგილმდებარეობა შეატყობინა. პოლიციამ ავტომობილს ქალაქ ლონგვუდში მიაგნო, სადაც ორი მამაკაცი სალონიდან ნივთების ამოლაგებას და პარალელურად, მანქანის რბილი სახურავის აწევას ცდილობდა. პოლიციის დანახვაზე ეჭვმიტანილები გაიქცნენ.
სახმელეთო ეკიპაჟების გარდა, დევნაში სემინოლის ოლქის შერიფის ოფისის ვერტმფრენიც ჩაერთო, რომელიც კაბრიოლეტის გადაადგილებას ზემოდან აკონტროლებდა. კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება თეთრი M4 ნაკადში, ჭრის ზოლებს და ერთ მომენტში 210 კმ/სთ სიჩქარესაც ავითარებს — და ეს იმ ფონზე, როდესაც ნახევრად ღია საბარგულის სახურავი გიგანტური აეროდინამიკური მუხრუჭის როლს ასრულებდა.
ასევე იხილეთ: BMW-ს ისტორიაში საუკეთესო ძრავები (ნაწილი 2)
ავტომაგისტრალის მცირე ხნით დატოვების შემდეგ, მძღოლი კვლავ დაბრუნდა გზატკეცილზე, სადაც ნელი მანქანების გასასწრებად მარჯვენა გზისპირა ზოლის გამოყენება სცადა. მაღალ სიჩქარეზე საბურავებმა ბალახზე მოჭიდება დაკარგეს, BMW გვერდულად გასრიალდა და მთელი ძალით მიენარცხა საგზაო მანიშნებლის ბეტონის საყრდენ ბოძს.
კონტაქტის შედეგად, ღია სახურავიანი M4 პირდაპირი მნიშვნელობით შუაზე გაიგლიჯა: ნაწილები გზაზე მიმოიფანტა, ხოლო ნარჩენებს მყისიერად ცეცხლი გაუჩნდა. ვერტმფრენიდან გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს ბალახზე მიგდებული გამოსაბოლქვი სისტემა და მაგისტრალის შუაგულში დაგდებული BMW-ს საფირმო ნარინჯისფერი ტყავის უკანა სავარძელი.
ყველანაირი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, ავტომობილში მყოფები გადარჩნენ. მძღოლი, დ'მავუკო ფუგარი, პოლიციამ პირდაპირ საჭესთან, გონებაზე მყოფი იპოვა. მისი მგზავრი, ედრიკ ბუში კი, დარტყმის ძალამ ტყის მასივში გადააგდო — ის ვერტმფრენის თერმული კამერის დახმარებით, ახლომდებარე ხეებში, ავარიიდან 10 წუთში აღმოაჩინეს და საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
გამომძიებლების თქმით, ეს პირები დაკავშირებულნი არიან კრიმინალურ ჯგუფთან, რომელმაც 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების 33 მდიდრული ავტომობილი მოიპარა.