ჰეჩბექი, ცხელი ჰეჩბეკი, ალპინი, უნიკალური ავტომობილი, ლაკოსტი
Aa
Aa

თითქოს ნიანგმა გადაგყლაპათ — იხილეთ Lacoste-სა და Alpine-ის უნიკალური კოლაბორაცია

Alpine-ისა და Lacoste-ის ერთობლივი პროექტი, სახელწოდებით „Beware of the Crocodile“, საავტომობილო ინჟინერიისა და მაღალი მოდის სრულიად გიჟურ სინთეზს წარმოადგენს. ამ უნიკალური სრულად ელექტრო „ცხელი ჰეჩბეკის“ შექმნისას დიზაინერებმა შთაგონების წყაროდ Lacoste-ს ლოგოზე გამოსახული ნიანგის ენის მკვეთრი წითელი ფერი აიღეს.

ასევე იხილეთ: 10 საუკეთესო „ცხელი ჰეჩბეკი“, რომელმაც დროს გაუძლო

ავტომობილის ექსტერიერი ძირითადად ალპურ თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, რომელსაც იდეალურად აბალანსებს გაფართოებული თაღები, სახურავის საჰაერო, კლასიკური თეთრი რალის დისკები და ნახშირბადის ბოჭკოს დეტალები. პროექტის ყველაზე ექსტრემალური ნაწილი კი მაინც უკანა მხარეა, სადაც მინის ნაცვლად უზარმაზარი წითელი ნიანგის თავია ინტეგრირებული, რომელიც თითქოს სპოილერიდან ამოიზარდა.

ავტომობილის ინტერიერში შესვლისას მძღოლი პირდაპირ მონოქრომულ წითელ სამყაროში ხვდება, რაც დიზაინერების ჩანაფიქრით, ნიანგის ხახაში ყოფნის ასოციაციას იწვევს. სალონში, მათ შორის მაჩვენებელთა პანელსა და კარებზე, ჯამში ზუსტად 290 მცირე ზომის ნიანგის სიმბოლოა დამალული. სპორტული სავარძლები და კარების პანელები Lacoste-ს საფირმო პოლო მაისურების ქსოვილისგანაა დამზადებული, ხოლო რთული ნაქარგები ზუსტად იმ ისტორიულ სახელოსნოში შესრულდა, რომელიც თავად ფრანგული მოდის სახლისთვის მუშაობს. წონის მაქსიმალური ოპტიმიზაციისთვის სავარძლების სტრუქტურული ნაწილები 3D პრინტერზეა ამობეჭდილი.


ამ საავტომობილო შოუ-ქარის პოპულარიზაციისთვის ბრენდებმა გამოუშვეს მოკლემეტრაჟიანი სარეკლამო რგოლი, რომელშიც მთავარ როლებს Alpine F1-ის პილოტი პიერ გასლი და ცნობილი ფრანგი მსახიობი პიერ ნინე ასრულებენ. ავტომობილი მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარადაა შექმნილი და სერიულ წარმოებაში არ ჩაეშვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები