სუპერქარი, იშვიათი ავტომობილები, ჯეი ლენო, მაკლარენი, მაკლარენ ეფ1
Aa
Aa

ჯეი ლენომ McLaren F1 $20 მილიონის სანაცვლოდაც არ დათმო | პასუხი, რომელსაც ავტომოყვარულები ნამდვილად დააფასებენ

ჯეი ლენოს სიყვარული ავტომობილებისადმი ახალი არავისთვის უნდა იყოს და რა გასაკვირია, რომ ეს გატაცება მის ავტოკოლექციაზეც აისახება. ცნობილი ავტოენთუზიასტისა და ტელეწამყვანის ავტოფარეხში არაერთ საინტერესო და ძვირად ღირებულ მოდელს შევხვდებით, თუმცა „გვირგვინი“, წესით, დამსახურებულად, McLaren F1-ს ეკუთვნის.

მოდელი დღეს დაახლოებით $20 მილიონად ფასდება და ეს თანხა F1-ის სანაცვლოდ ლენოსთვისაც წარსულშიც კი შეუთავაზებიათ. თუმცა ლენომ McLaren-ის შეძენის მსურველები უარით გაისტუმრა და ამის მიზეზი ბევრისთვის სრულიად გასაგები და ემოციურიც კია.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ერთმა კაცმა იდეალური მანქანა?

McLaren F1 ჯეი ლენომ წლების წინ, დაახლოებით $800 000-ად შეიძინა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს მოდელი ერთ „სტანდარტულად“ ძვირად ღირებულ სუპერქარად აღიქმებოდა და არა საკოლექციო იშვიათობად. დღეს კი McLaren-ის ფასი აუქციონებზე $20 მილიონსაც კი აღწევს, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კლასიკურ სუპერქარად აქცევს. შესაბამისად, თუ ფასის ზრდას გავითვალისწინებთ, ბევრი მფლობელისთვის McLaren F1 შესაძლოა სწორ და კარგ ინვესტიციადაც ქცეულიყო, თუმცა არა ლენოსთვის.

„მე ის სიყვარულის გამო ვიყიდე და არა მოგებისთვის“, — თქვა ჯეი ლენომ თავის YouTube-გადაცემა Jay Leno’s Garage-ში და მიღებულ $20-მილიონიან შემოთავაზებაზეც ისაუბრა.

ლენოს თქმით, მას თავისი ავტომობილებიდან არცერთი უყიდია ფინანსური ინვესტიციისთვის. ტელეწამყვანმა ასევე თქვა, რომ მაშინ, როდესაც ნივთს მხოლოდ მოგებისთვის ყიდულობ, საბოლოოდ იმედგაცრუებულიც რჩები, მაგრამ თუ რაღაც ნამდვილად გიყვარს, მისი ღირებულების ცვლილება მნიშვნელობას კარგავს. როგორც ლენო ამბობს, მსგავსი მანქანის მხოლოდ „საგამოფენო ექსპონატად“ ქცევა იგივეა, რაც დიდი ნახატის ყიდვა და დაფარვა იმის იმედით, რომ ოდესღაც მას უფრო ძვირად გაყიდი.

თანაც ლენო თავის McLaren F1-ს წარსულში საკმაოდ პრაქტიკულადაც იყენებდა, თითქმის ისე, როგორც ბევრი ყოველდღიურ ავტომობილებს. დადიოდა მაღაზიაში, ქიმწმენდაში და თავის პირად საქმეებზეც — მანქანას ორი დიდი საბარგული და საკმაოდ ფუნქციური დიზაინი აქვს, რაც მას რეალურად გამოყენებად სუპერქარად აქცევს.

თუმცა, რაც დრო გავიდა და სუპერქარის ღირებულებაც გაიზარდა, ლენომ F1-ით გადაადგილებასაც მოუკლო და ახლა უფრო მეტად უფრთხილდება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებისკენ იმან უბიძგა, რომ მსგავსად იშვიათ ავტომობილებზე მცირე დაზიანებაც კი შესაკეთებლად რთულ და ხანგრძლივ სამუშაოებს საჭიროებს.

ლენო დღეისთვის 200-ზე მეტ ავტომობილს ფლობს — მათ შორის იშვიათ მოდელებს, კლასიკურ ავტომობილებსა და უნიკალურ კონცეფტ-ქარებსაც კი. თუმცა მისი სიყვარული ავტომობილების მიმართ ფულზე მაღლა დგას. $20-მილიონიანი შეთავაზების მიუხედავად, ლენოს პოზიცია უცვლელია — McLaren F1 არ იყიდება, რადგან ის თავის საყვარელ ავტომობილს უბრალოდ ვერ შეელევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები