შიგაწვის ძრავა, ელექტრომობილები, მაზდა, მაზდა ემექს-5 მიატა
Aa
Aa

სავარაუდოდ, შემდეგი თაობის Mazda Miata ბოლო შიგაწვისძრავიანი ვერსია იქნება

ლეგენდარულმა Mazda MX-5 Miata-მ ეპოქათა ცვლილებებს, სპორტული მანქანების გაყიდვების ვარდნასა და SUV-ებით შეპყრობილ თანამედროვე სამყაროს გაუძლო. თუმცა, არსებობს ერთი ბრძოლა, რომელშიც ის მუდმივად გამარჯვებული ვერ ვერ იქნება. ავტომწარმოებელმა მიანიშნა, რომ მომავალი თაობის მიატა შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს, რომელიც შიგაწვის ძრავით იქნება აღჭურვილი, სანამ მას სრულად ელექტროენერგია ჩაანაცვლებს.

ასევე იხილეთ: ვინ, როგორ და რატომ შექმნა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ძრავა?

ეს ინფორმაცია Mazda Australia-ს ხელმძღვანელმა, ვინეშ ბჰინდიმ გაავრცელა. მისი თქმით, კომპანიის ერთ-ერთმა სტუმრად მყოფმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ახალი MX-5 ნამდვილად მზადდება, თუმცა ზუსტ თარიღს ჯერ არავინ ასახელებს. ბჰინდიმ გამოცემა Car Expert-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ამავე აღმასრულებელმა პირმა მიანიშნა მომავალი მოდელის უკანასკნელ შიგაწვისძრავიან ვერსიად ყოფნის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ MX-5-ის ამჟამინდელი ND თაობა უკვე მეთორმეტე წელს ითვლის, მაღალჩინოსნები აღიარებენ, რომ მომდევნო მოდელის გამოსვლას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. თუ გავითვალისწინებთ, თუ რამდენ ხანს რჩებოდნენ გაყიდვაში წინა თაობები, ახალ მიატას შეუძლია კლასიკური ძრავის ჩირაღდანი 2030-იან წლებშიც კი ამაყად ატაროს.

სასიხარულოა, რომ სანამ ავზში ბენზინია, მაზდა არ აპირებს როდსტერის ფილოსოფიის რადიკალურად შეცვლას. კომპანიის ხელმძღვანელობა გამუდმებით უსვამს ხაზს, რომ პრიორიტეტები კვლავაც ძველი სკოლის ერთგული რჩება: ავტომობილი უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი, კომპაქტური და ატმოსფერული ძრავით აღჭურვილი. და, რაც ყველაზე მთავარია, მექანიკური გადაცემათა კოლოფის არჩევანი აუცილებლად შენარჩუნდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალმა MX-5-მა შესაძლოა დღევანდელი 2.0-ლიტრიანი აგრეგატის ნაცვლად მაზდას ახალი, ატმოსფერული 2.5-ლიტრიანი Skyactiv-Z ძრავი მიიღოს. მკაცრი საემისიო ნორმების დასაკმაყოფილებლად მას, სავარაუდოდ, მაილდ-ჰიბრიდული ასისტენტიც დაემატება, თუმცა ისე, რომ მანქანამ ზედმეტი წონა არ აკრიფოს.

წონა ამ პროექტისთვის ნომერ პირველი მტერია. მაზდას ინჟინრების მიზანია, რომ მომავალი როდსტერის წონა 1000 კილოგრამზე ნაკლები იყოს. თანამედროვე უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტებისა და ჰიბრიდული კომპონენტების გათვალისწინებით, ეს საკმაოდ ამბიციური და რთული მისაღწევი ნიშნულია. თუ ინჟინრები ამას შეძლებენ, ეს სპორტული მანქანების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შედეგი იქნება.

თუმცა, რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, განაჩენი გამოტანილია. თუ მომდევნო თაობა 2030-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდება, ევროპისა და სხვა საკვანძო ბაზრების მკაცრი რეგულაციების გამო სრულად ელექტრონული MX-5-ის გამოშვება უკვე გარდაუვალი აუცილებლობა იქნება. იმ დროისთვის ელემენტების ტექნოლოგია აშკარად გაუმჯობესდება, თუმცა იმ ბუმბულივით მსუბუქი და მანევრული ხასიათის ხელახლა შექმნა, რამაც მიატა ლეგენდად აქცია, ინჟინრებისთვის უდიდესი გამოწვევა გახდება.

სანამ MX-5 უხმო ელექტრომობილად გადაიქცევა, კიდევ ბევრი წელი გვაქვს მარაგში, თუმცა მშობლიურ ბაზარზე ის უკვე შედარებით ჩუმია. იაპონიაში ხმაურის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების გამო, მაზდა იძულებული გახდა როდსტერის ჟღერადობა შეემცირებინა, მაშინ როცა ევროპული ვერსიებისთვის დეციბელების რაოდენობას პირიქით, ზრდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები