2027 წლის BMW i3 Touring-ი ნიურბურგრინგზე შენიშნეს | ახალი უნივერსალი კარგად გამოიყურება
BMW-ს ელექტრო უნივერსალების ხაზის გაფართოება სულ უფრო ახლოვდება. ნიურბურგრინგის წრესთან გადაღებულ ახალ პაპარაცულ ვიდეოში ჩანს i3 Touring-ის პროტოტიპი, რომელიც 2027 წლის ოფიციალური დებიუტის წინ აქტიურ საგზაო ტესტირებას გადის.
გერმანული ბრენდი უკვე რამდენიმე წელია ყიდის i5 Touring-ს, თუმცა მისი "უმცროსი ძმა" ბაზარს მხოლოდ 2027 წლიდან შეემატება. ნაცნობი CLAR პლატფორმის ნაცვლად, ახალი i3 Touring აგებულია სრულიად ახალ, ექსკლუზიურად ელექტრომობილებისთვის შექმნილ Neue Klasse არქიტექტურაზე (შიდა კოდური დასახელებით „NA1“).
რა იცვლება დიზაინში?
ტესტირებისას დაფიქსირებულ პროტოტიპს კამუფლაჟი მხოლოდ წინა და უკანა ნაწილზე ჰქონდა აკრული. წინა მხარე თითქმის იდენტური იქნება i3 Sedan-ის („NA0“), თავისი ახალი სტილის ცხაურითა და მაშუქებით. ძირითადი ცვლილებები სწორედ უნივერსალის ძარაზე მოდის. პროტოტიპზე ჩანს სედანის სტილის ფართო ფარები, რომლებიც საბარგულის კარს ჰარმონიულად ერწყმის.
ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
ყველაზე საინტერესო (და ბევრისთვის საწყენი) დაკვირვება უკანა მინას უკავშირდება: როგორც ჩანს, BMW-მ უარი თქვა თავის საფირმო ფუნქციაზე — უკანა მინის საბარგულისგან დამოუკიდებლად გახსნის შესაძლებლობაზე. ტენდენცია ბრენდმა ახალ G60 თაობის 5 Series Touring-ზე და X5-ის ორმაგ საბარგულზე გამოაჩინა, ახლა კი, როგორც ჩანს, 3 Series-ის უნივერსალიც იმავე გზას გაჰყვება.
უნივერსალი იდეალური ოქროს შუალედია სედანსა და ქროსოვერს შორის. ის განკუთვნილია მათთვის, ვისაც სედანზე მეტი პრაქტიკულობა სურს, თუმცა არ უნდა ქროსოვერის (მაგალითად iX3-ის) უარყოფითი მხარეები — მეტი წონა, მაღალი სიმძიმის ცენტრი და ნაკლები აეროდინამიკა.

ტექნიკური მახასიათებლებით i3 Touring-ი სედანის ანალოგიური იქნება, თუმცა ფორმის გამო ოდნავ დამძიმდება და სვლადობის მანძილიც ოდნავ ნაკლები ექნება, რაც გაზრდილი საბარგულის მოცულობით კომპენსირდება.
i3 Touring-ის გამოჩენა შიგაწვის ძრავების თაყვანისმცემლებისთვისაც მნიშვნელოვანი სიახლეა. BMW გეგმავს ტრადიციული 3 Series Touring-ის (შიდა კოდით „G51“) გამოშვებასაც, რომელიც ბენზინის, დიზელისა და დამუხტვად ჰიბრიდულ ძრავებს შეინარჩუნებს. ეს მოდელი კვლავ განახლებულ CLAR პლატფორმაზე აიწყობა, თუმცა დიზაინით თითქმის სრულად გაიმეორებს Neue Klasse-ს სტილს. შიგაწვისძრავიანი ვერსია ბაზარზე ელექტრომობილის გამოჩენიდან ოდნავ მოგვიანებით ჩაეშვება.