მერსედესი, მერსედეს ბენცი, ბრაბუსი, ბრაბუს ბოდო
Aa
Aa

„ცვლილებების დროა“ | Brabus-ს ახალი გეგმები აქვს და ისინი, Mercedes-ს არ უკავშირდება

თითქმის 50 წლის განმავლობაში, Brabus-ის სახელი Mercedes-Benz-ის, AMG-ისა და Maybach-ის მოდელების ექსტრემალურ მოდიფიკაციებთან ასოცირდებოდა. თუმცა, ნახევარი საუკუნის შემდეგ, გერმანული კომპანია ახლა უკვე იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ავტომობილების ტუნერი და მომავლისთვის ამბიციური გეგმებიც აქვს.

დღეს Brabus-ი ავტომობილების გარდა იახტებს, ავეჯსა და ტანსაცმელსაც კი ქმნის და, ამის პარალელურად, აბუ-დაბიში საცხოვრებელ კომპლექსზეც მუშაობს. ცოტა ხნის წინ, გერმანულმა გიგანტმა კიდევ ერთი, მისთვის სრულიად ახალი მიმართულება აითვისა და საკუთარი წარმოების ჰიპერქარი, Brabus Bodo, წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ: გამოუვალი მდგომარეობიდან მსოფლიო რეკორდებამდე - BRABUS-ის ისტორია

Brabus Bodo კომპანიამ ფართო საზოგადოებას Monterey Car Week-ის ფარგლებში, The Quail-ის ღონისძიებაზე წარუდგინა. უახლესი მოდელი Aston Martin Vanquish-ის ბაზაზეა დაფუძნებული, თუმცა Brabus-მა მისთვის სრულად ახალი ძალა შექმნა და ინტერიერიც რადიკალურად შეცვალა. Brabus-ის აღმასრულებელი დირექტორის, კონსტანტინ ბუშმანის განცხადებით, Bodo კომპანიის მომავლისთვის კრიტიკული მნიშვნელობის პროექტია. მომავალში, ტუნერისგან სწორედ მსგავსი ტიპის ავტომობილებიც კი შეიძლება ვიხილოთ.

ბუშმანის თქმით, რამდენიმე წლის წინ კომპანიამ საკუთარ გუნდს ერთი კონკრეტული მიზანი დაუსახა — ყოველწლიურად, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, კომფორტის ზონას გასცდენოდნენ და სრულიად ახალი გამოწვევა მიეღოთ.

„გუნდს ვუთხარი, რომ წელიწადში ერთხელ მაინც რაიმე ისეთი უნდა გაგვეკეთებინა, რაც დისკომფორტს შეგვიქმნიდა და კომფორტის ზონიდან გამოგვიყვანდა. გარკვეულწილად, Bodo-ც ამ პროცესის შედეგია, ის გვაჩვენებს, თუ რას მივაღწიეთ ამ გზაზე“, — განაცხადა ბუშმანმა.

კომპანიის ტრადიციული პროექტებისგან განსხვავებით, Brabus-ს ამჯერად კონკრეტული ავტომობილი საწყის ეტაპზევე არ შეურჩევია. თავდაპირველად კომპანიის გუნდის წევრებმა განსაზღვრეს, თუ როგორი ავტომობილის შექმნა სურდათ და შემდეგ, მისთვის შესაბამისი პლატფორმაც მოიძიეს. Brabus-მა რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის Mercedes-Benz-ის პლატფორმებიც განიხილა. ბოლოს კი არჩევანი Aston Martin Vanquish-ზე შეაჩერეს. ბუშმანის თქმით, Bodo უბრალოდ Vanquish-ის გადაკეთებული ვერსია არაა და ეს მოდელი მხოლოდ საჭირო ტექნიკური საფუძვლის გამო შეირჩა.

ასევე იხილეთ: Brabus-მა წელს ყველაზე ექსტრემალური V12 Grand Tourer-ი შექმნა

Brabus Bodo-ს კაპოტქვეშ ტვინ-ტურბო 5.2-ლიტრიანი V12 ძრავია განთავსებული, რომელიც 1 000 ცხენის ძალას და 1 200 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა დაახლოებით 1 910 კილოგრამს იწონის, ავტომობილის 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად სამ წამზე ოდნავ მეტი სჭირდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 360 კმ/სთ-ს აღწევს. საერთო ჯამში, კომპანია მხოლოდ 77 ეგზემპლარის დამზადებას გეგმავს.

Brabus-ის გაფართოება მომხმარებლების მოთხოვნას უკავშირდება

ბუშმანის თქმით, Mercedes-Benz-ის ფარგლებს გარეთ კომპანიის გაფართოება თავიდან დეტალურად გაწერილი გეგმის ნაწილი არ ყოფილა. ამის უკან უფრო მეტად მომხმარებელთა მოთხოვნა დგას, რომლებიც Brabus-სგან სხვა ავტომწარმოებლების მოდელებზე მუშაობასაც მოითხოვდნენ.

სწორედ ამ მიდგომამ კომპანია Porsche-ის, Bentley-ისა და Range Rover-ის მოდელებამდე მიიყვანა. დღეს კი Brabus-ი ავტომობილებსა და მოტოციკლებზეც მუშაობს, თან დიდი წარმატებით. თუმცა, როგორც ბუშმანიც ამბობს, ავტომობილებზე მხოლოდ Brabus-ის ლოგოს დამატება საკმარისი არაა. კომპანიამ თითოეული ახალი მიმართულების სპეციფიკა უნდა შეისწავლოს.

„როდესაც იახტას ქმნი, მას ავტომობილის დიზაინერის ხედვით ვერ დააპროექტებ. იახტა მისივე დიზაინერის ხედვის შესაბამისად უნდა შეიქმნას“, — აღნიშნავს ბუშმანი.

ამ მიდგომამ და წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით ექსპერიმენტებმა Brabus-ს საშუალება მისცა, საბოლოოდ მხოლოდ სხვა მარკის ავტომობილების ტუნერიდან შიდა წარმოების, სრულიად ახალი ავტომობილის შექმნაზე გადასულიყო.

სწორედ ამ მიდგომამ და წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით ექსპერიმენტებმა Brabus-ს საშუალება მისცა, საბოლოოდ სრულიად ახალი ავტომობილის შექმნაზე გადასულიყო. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია Mercedes-Benz-ზე დაფუძნებული ექსტრემალური მოდელების შექმნას შეწყვეტს — ისინი კვლავ Brabus-ის ბიზნესის ძირითად ნაწილად დარჩება. თუმცა, ცვლილებების დროც დადგა და ბუშმანის თქმით, Brabus-ში ეს ცვლილება უკვე გარდაუვალია. მთავარი კითხვა ისაა, რამდენად სწრაფად და რა მასშტაბით უნდა ველოდოთ ამას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები