პირველი Koenigsegg Gemera მფლობელისთვის ჩაბარებიდან რამდენიმე დღეში დააზიანეს
მსოფლიოსთვის Koenigsegg Gemera-ს წარდგენიდან ექვი წელზე მეტი ხნის შემდეგ, პირველი კლიენტის ავტომობილი ივნისის ბოლოს შვეიცარიულ სადილეროს გადაეცა, ხოლო გასულ კვირას დანიაში მფლობელს საბოლოოდ ჩაბარდა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ადგილობრივმა ვანდალებმა ჰიპერქარი უკვე ამოიღეს მიზანში და კოპენჰაგენის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს წინ გაჩერებული ავტომობილი დააზიანეს.

Reddit-ზე გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ სასტუმრო Hotel d'Angleterre-ს წინ მდგომ კაშკაშა წითელ Gemera-ს საქარე მინა აქვს ჩამსხვრეული. ჯერჯერობით უცნობია, ავტომობილს ურო ჩაარტყეს თუ ქვა ისროლეს, თუმცა დაზიანება საკმაოდ სერიოზულია — მინის მძღოლის მხარე სრულიად განადგურებულია. ასევე ჩანს, რომ დაზიანებულია გვერდითი ხედვის ერთ-ერთი სარკეც.
ვინაიდან ეს ლიმიტირებული Koenigsegg Gemera-ა (რომლის „ტირაჟიც“ სულ 300 ერთეულით შემოიფარგლება, ხოლო საწყისი ფასი ოპციებისა და გადასახადების გარეშე დაახლოებით 3 მილიონი დოლარია), მფლობელი შემცვლელ საქარე მინას ჩვეულებრივ ბაზარზე ვერ იპოვის. დიდი ალბათობით, ჰიპერქარის გაგზავნა შვედეთში, Koenigsegg-ის სათავო ოფისში/ქარხანაში გახდება საჭირო.
View this post on Instagram
ადგილობრივი თვითმხილველების თქმით, ეს Gemera ჩაბარების შემდეგ დანიის რამდენიმე ქალაქში შენიშნეს, თუმცა ავტომობილი კვლავ შვედური სანომრე ნიშნებით მოძრაობდა.
ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მფლობელს ადგილობრივი გადასახადები ჯერ არ გადაუხდია — რაც დანიაში შესაძლოა 2 მილიონ ევროზე ($2.33 მლნ) მეტს შეადგენდეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ადგილობრივების გაღიზიანება.
View this post on Instagram
დანიაში მოქმედებს ავტომობილის რეგისტრაციის პროგრესული საგადასახადო სისტემა. ნებისმიერ ახალ ავტომობილზე, რომლის ღირებულებაც 237 400 დანიურ კრონს (დაახლოებით $37 000) აჭარბებს, მაღალი გადასახადი წესდება. ეს ადგილობრივად მულტიმილიონიანი ჰიპერქარის რეგისტრაციას კოლოსალურად ძვირს ხდის.
დაზიანებული Gemera შეღებილია ექსკლუზიურ წითელ ფერში, სახელწოდებით Johan Röd, და უხვად არის აღჭურვილი ნახშირბადის ბოჭკოს დეტალებით. მათ შორის ამავე მასალისგანაა დამზადებული დისკები, უკანა დიფუზორი, ძრავის ხუფი და წინა სპლიტერი.