დეფექტი, ხანძარი, უკან გაწვევა, აუდი, აუდი ქიუ5
Aa
Aa

ათასობით Audi აალების რისკის ქვეშაა | მიზეზი

გერმანული ავტომწარმოებლის ყველაზე გაყიდვადი მოდელის, Audi Q5-ის ათასობით ერთეულს, უკან გაწვევის უახლესი ტალღა ემუქრება. კომპანიის განცხადებით, მომხმარებლები გაფრთხილებას 8 ივლისიდან მიიღებენ, რის შემდეგაც მათ მოუწევთ თავიანთი ავტომობილები უახლოეს სადილეროებში შესამოწმებლად მიიყვანონ, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაკეთებლადაც დატოვონ.

Audi-ის ავტომობილები აალების რისკის ქვეშაა, რადგან ცილინდრის თავის საფარის ზოგიერთი ხრახნი არათანაბრადაა დამაგრებული. დროთა განმავლობაში, ისინი შეიძლება მოეშვას და ზეთის გაჟონვის მიზეზად იქცეს. თუ გაჟონილი ზეთი ძრავის ცხელ ნაწილებს შეეხება, ამან უკვე შესაძლოა მანქანის აალებაც გამოიწვიოს.

ავტომწარმოებლის გაფრთხილებით, ძრავის განყოფილებაში კვამლის შემჩნევის შემთხვევაში, Q5-ის მფლობელებმა თავიანთი ავტომობილის მართვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. ასევე საშიშ სიგნალად ითვლება ძრავიდან გამოსული უჩვეულო სუნი, რომელიც მანქანის პრობლემაზე შეიძლება მიუთითებდეს.

პირველად პოტენციური პრობლემა Audi-მ 2023 წლის მაისში, მომხმარებელთა მხრიდან საჩივრების მიღების შემდეგ აღმოაჩინა. ტექნიკური მომსახურების ბიულეტენით, რომელიც 2024 წლის იანვარში გამოიცა, ავტომწარმოებელმა სადილეროები საფარის ხრახნების შემოწმებაზე გააფრთხილა.

წლის განმავლობაში, Audi-მ ზეთის გაჟონვისა და ხანძრის რამდენიმე შემთხვევის შესახებ მიიღო შეტყობინება. გარდა ამისა, დღემდე კომპანიაში 2 500-ზე მეტი საგარანტიო მოთხოვნა შევიდა, რომლებიც პოტენციურად ამ პრობლემას უკავშირდებოდა. თუმცა ფატალურად დასრულებული უბედური შემთხვევები არ ფიქსირდება.

უკან გაწვევა სულ 89 417 ერთეულ Q5-ს მოიცავს. მათ შორის 80 000-მდე ეგზემპლარი 2022-2024 წლებშია წარმოებული. დილერებს ცილინდრის თავის საფარის ხრახნების შემოწმება ევალებათ და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ხრახნი მოშვებულია, მათი გამოცვლაც მოუწევთ.

 

მსგავსი სიახლეები