Knight: შეჯავშნილი Lamborghini სამყაროს აღსასრულისთვის
Rezvani-მ თავისი უახლესი მოდელი წარადგინა, რომელიც Lamborghini Urus-ის პლატფორმაზეა შექმნილი. ახალი მოდელი, სახელწოდებით Knight-ი მხოლოდ 100 ეგზემპლარით შემოიფარგლება და მსურველებს, ამ ავტომობილის, როგორც სტანდარტული, ასევე შეჯავშნული ვერსიის შეძენა შეეძლებათ. ინტერიერი კი, მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნება.
Knight-ი კომპანიის გასული მოდელების, Tank-ისა და Vengeance-ის გაგრძელებაა. Knight-ი Urus-ის სტილის ძირითად ელემენტებს ინარჩუნებს - განსაკუთრებით კი, Lamborghini-ის ამ მოდელის უკანა მაშუქები და საერთო სილუეტი მოგვაგონებს. რეალურად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Rezvani-მ თავისი Mad Max-ის მსგავსი მიქსი იტალიურ ავტომობილზე დააფუძნა. წინა შემთხვევებში, კომპანია უფრო მეტად ამერიკულ ავტომობილებზე აკეთებდა არჩევანს.
გაუმჯობესებული კროსოვერი 22-ინჩიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 33-ინჩიან ყველგანმავალ საბურავებშია გახვეული. სახურავს LED-განათების ზოლი გასდევს, ხოლო კაპოტზე დამატებით ორი ნათურაა, რომლებიც Huracan Sterrato-ზე დამონტაჟებულ დამხმარე ნათურებს მოგვაგონებს.
თუმცა, თუ სამყაროს აღსასრულისგან მხსნელი ავტომობილის შეძენა გსურთ, მაშინ არჩევანი შეჯავშნული ვერსიის სასარგებლოდ უნდა გააკეთოთ. Dark Knight-ის პაკეტი ტყვიაგაუმტარ მინას, ჯავშანსა და ღამის ხედვის კამერის სისტემას მოიცავს და სამხედრო დონის საბურავებითაა აღჭურვილი, რომელიც არ იშლება. მომხმარებელი ასევე მიიღებს ტყვიაგაუმტარი ჟილეტებისა და ჩაფხუტების ვარიანტებს.
არ არის ცნობილი, თუ რა გავლენას იქონიებს დამატებითი აღჭურვილობა Urus-ის საბაზისო წონაზე, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოდელის წონა მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა პრესრელიზში კარბონის კორპუსია ნახსენები, რაც სავარაუდოდ ავტომობილსაც შეამსუბუქებს. უცნობია ისიც, კარბონი მხოლოდ სტანდარტულ ვერსიაშიც იქნება გამოყენებული, თუ შეჯავშნულშიც.
ნებისმიერ შემთხვევაში, Rezvani გვპირდება, რომ მის ახალ მოდელს სუპერქარის შესაძლებლობები აქვს. Knight-ი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3 წამში ჩქარდება, 4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი და 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.