ელისაბედ II-ის რეინჯ როვერი აუქციონზე გაიყიდება
გიფიქრიათ, როგორ ცხოვრობენ მეფეები და დედოფლები? სამეფო ოჯახის ცხოვრების გამოცდა, ალბათ, საინტერესო იქნებოდა... არა, ბუკინგემის სასახლეში ცხოვრებას არ გთავაზობთ — უბრალოდ გატყობინებთ, რომ დედოფალ ელისაბედ II-ის ყოფილი ავტომობილი, Range Rover Vogue SE აუქციონზე (კიდევ ერთხელ) გაიყიდება.
დედოფალს ავტომობილებში ნამდვილად შესანიშნავი გემოვნება ჰქონდა — მისი „კოლექციიდან“ ერთ-ერთი კი გამორჩეულად მშვენიერია — ეს მწვანე ფერის 2007 წლის Range Rover Vogue SE-ია, რომლითაც, მათ შორის, დედოფლის საყვარელი კორგებიც დაჰყავდათ.
თუ გსურთ, გაიზიაროთ სივრცე ადამიანთან, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს თითქმის 71 წლის განმავლობაში მართავდა, ეს სულ რაღაც $70000 დაგიჯდებათ. 
თანაც, თუ ეს არ იცოდით, დედოფალი მძღოლის სერვისს მხოლოდ საჯარო „ჩამოვლებისას“ იყენებდა — ელისაბედ II შესანიშნავი მძღოლი იყო და თავის რეინჯ როვერს 90 წელს გადაცილებულიც თავად მართავდა. რა თქმა უნდა, მანქანაში ცალკეა მოწყობილი თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვისაც — მათ პატივი ექნებათ, იმგზავრონ ავტომობილით, რომლითაც სამეფო კორგები მგზავრობდნენ.
რა თქმა უნდა, მოგიწევთ სამეფო ოჯახისთვის დამატებითი გადასახადების გადახდაც, რამაც ფასი, შესაძლოა, 100000 დოლარამდეც მიიყვანოს, რაც 2007 წლის რეინჯ როვერისთვის, რომლის ოდომეტრიც, დაახლოებით, 200000კმ-ს აჩვენებს, ძალიან დიდი თანხაა — თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ მას რიგითი მძღოლი არ მართავდა.
დედოფლის მანქანები
ეს ერთადერთი ავტომობილი არ არის, რომელიც დედოფალს უტარებია. მაგალითად, ის დააფიქსირეს 2016 წლის Range Rover SDV8-ის საჭესთანაც, რომელიც დღეს ინდოელი მილიარდერის, იოჰან პუნავალას საკუთრებაა.
ასევე, დედოფლის საკუთრებაში იყო Bentley State Limousine-იც, რომელიც მსოფლიოში მე-2 ყველაზე ძვირებული ავტომობილის სტატუსსაც ატარებდა. 
რა თქმა უნდა, ელისაბედ II მხოლოდ მდიდრულ მანქანებს არ ატარებდა — ის ხომ პირველი ქალი იყო სამეფო ოჯახიდან, რომელმაც ჯარში იმსახურა? დიახ, მომავალი დედოფალი მე-2 მსოფლიო ომის დროს ქალთა დამხმარე ტერიტორიული სამსახურის წევრი იყო და მართავდა როგორც სასწრაფო დახმარების ფურგონებს, ისე ჯავშანმანქანებსაც.
ვინც არ უნდა შეიძინოს დედოფლის Vogue, თავის კოლექციას ნამდვილად უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ექსპონატს შემატებს.