გაიცანით გორდონ რემზის ავტომობილების 16 000 000-დოლარიანი კოლექცია
როგორც ჩანს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მზარეულად აღიარებულ ბრიტანელ ვარსკვლავს, გორდონ რემზის, გემოვნება არც ავტომობილების შერჩევისას ღალატობს.
ბრიტანული მდიდრული ავტომობილებიდან იტალიურ სპორტქარებამდე, შეფ გორდონის კოლექციას თავისუფლად შეიძლება სუპერქარების მუზეუმი ვუწოდოთ.
მეტიც, უფრო მაღალფარდოვნები თუ ვიქნებით, შეფის ავტომობილები ისეთივე ექსკლუზიურები და რთულად მოსაპოვებლები არიან, როგორც ვახშამი პარასკევ საღამოს გორდონ რემზის რესტორნებში... 2025 წლის Aston Martin Valiant-სა და Ferrari Daytona SP3-ს ყველა ავტომოყვარულის ფარეხში ნამდვილად ვერ შეხვდებით.
რაც შეეხება საყვარელ ავტომობილს, შეფი უპირატესობას Aston Martin DB4-ს ანიჭებს. 
თუ ფასებზე ვისაუბრებთ, ხსენებული Valiant-ის ფასი 3.3 მილიონი დოლარია — ეს სულ გამოსული 38 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია და მისი ორტურბინიანი V12 ძრავა 735 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ის კოლექციიდან კიდევ ერთი შესანიშნავი ასტონ მარტინის, Valour-ის სწრაფი და უფრო აგრესიული დედმამიშვილია. თავად Aston Martin Valour კი ბრენდის 110 წლის თავის პატივსაცემად შექმნილი მოდელია.
ბრიტანული კოლექცია ამით არ მთავრდება: ტელევარსკვლავს ჰყავს, რა თქმა უნდა, თავისი საყვარელი Aston Martin DB4 და Aston Martin Valkyrie, რომლის ძრავაც ერთ-ერთ ვიდეოში არც მეტი, არც ნაკლები, მდნარი ყველის ტოსტის მოსამზადებლად გამოიყენა. 
რასაკვირველია, კოლექცია მხოლოდ ბრიტანული ავტომშენებლობის შედევრებს არ მოიცავს — მასში ვხვდებით საუკეთესოთა შორის საუკეთესო Ferrari-ებსაც. შეფის Ferrari Daytona SP3, ერთ-ერთი 599-დან, რომელიც V12 ძრავითაა აღჭურვილი და 829 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს, შესაბამისადაც ფასობს — ის 2.25 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
რემზის ჰყავს Ferrari Monza SP2-იც, რომელიც ასევე 499 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. შეფის მანქანებს ფარეხში მტვერი არ ედება — ის ხშირად აწყობს ღონისძიებებს, რომლის მონაწილე ოჯახის წევრებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, სპორტქარები გაატარონ.
იმის გათვალისწინებით, რომ შეფი რემზი შვილებისთვის ქონების დატოვებას არ აპირებს, სავარაუდოდ, კოლექციისათვის ახალი ეგზემპლარების შესამატებლად თანხა ბლომად ექნება...