„პათეტიკური“ - ამ შეფასების შემდეგ, სტივ ჯობსმა Apple-ის თანამშრომელს Porsche გადასცა
სტივ ჯობსი ცნობილი იყო თავისი პერფექციონიზმით, მაღალი მოლოდინებითა და ზოგჯერ პირდაპირობითაც კი. თუმცა ეს ისტორია აჩვენებს, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას Apple-ის დასაქმებულებთან და რამდენად სცემდა პატივს სხვების მუშაობასაც.
1984 წელს, ჯობსმა Apple-ის გაყიდვების ჯგუფის ერთ-ერთ დასაქმებულს, რომელიც კარგი შეფასებებით გამოირჩეოდა, სრულიად ახალი Porsche 944 აჩუქა. ელიოტმა იმ წელს, ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით, გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. თუმცა ელიოტმა 22 000$-ის ღირებულების Porsche მას შემდეგ მიიღო, რაც ჯობსმა მის შესრულებას „პათეტიკური“ უწოდა.

როგორც გითხარით, ეს იღბლიანი თანამშრომელი კრეიგ ელიოტი იყო, ადამიანი, რომელმაც მოგვიანებით ტექნოლოგიური კომპანია Pertino დააარსა. Apple-მდე კი ის კომპიუტერების მაღაზიაში მუშაობდა და ვეტერინარობაზე ოცნებობდა.
იმ დროს Apple-ი სარეკლამო კონკურსს ატარებდა: ვინც ყველაზე მეტ Macintosh-ის კომპიუტერს გაყიდდა, Porsche 944-ს მოიგებდა. ჯობსის Porsche-ს სპორტული მანქანებისადმი გატაცებას თუ გავიხსენებთ, მის მიერ შერჩეული ჯილდო არც უნდა გაგვიკვირდეს.
ელიოტმა, მონდომებულმა და კონკურენტუნარიანმა, მოახერხა გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებლების დაფიქსირება. გამარჯვების შემდეგ, ელიოტმა Apple-ისგან წერილი მიიღო. ამ წერილით ის კალიფორნიაში მიიწვიეს, რათა თავად შეხვედროდა სტივ ჯობსს და კუთვნილი პრიზებიც წაეღო.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჯობსთან ვახშმის გაფიქრებამაც კი, ელიოტის ნერვიულობა გამოიწვია. მათი შეხვედრის დროს ჯობსმა იკითხა, თუ რამდენი ერთეული Macintosh-ი გაყიდა. ხოლო როდესაც ელიოტის პასუხი „125“ მოისმინა, მხოლოდ ერთი პასუხით შემოიფარგლა: „პათეტიკური“.
ამ უხერხული, მაგრამ დამამახსოვრებელი შეხვედრის შემდეგ ჯობსმა და ელიოტმა ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც გამარჯვებულმა დამსახურებული Porsche-ს გასაღებიც მიიღო. ეს მომენტი ელიოტისთვის მართლაც ისტორიული იყო. სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, ის Apple-მა დაიქირავა - ამ დღის შემდეგ კომპანიაში მისი 10-წლიანი ისტორია დაიწყო.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                