ჯერემი კლარკსონი, ჩინეთი, ჯეიმს მეი, ელექტრომობილები, ტესლა, ტოპ გირი
Aa
Aa

კლარკსონი და მეი ჩინეთზე მართალი იყვნენ | ყველაფერი, რაც 2011 წელს იწინასწარმეტყველეს, ახდა

ათ წელზე მეტი ხნის წინ, Top Gear-ის ლეგენდარული წამყვანები, ჯერემი კლარკსონი და ჯეიმს მეი ჩინეთში, ქვეყნის სწრაფად მზარდი საავტომობილო ინდუსტრიის შესასწავლად გაემგზავრნენ. ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრია უკვე აღმავლობის გზაზე იყო და BBC-ის სურდა ამ „ფენომენის“ შესახებ უფრო მეტი გაეგო.

მაშინ, ჯერემი კლარკსონმა და ჯეიმს მეიმ ჩინეთის საავტომობილო ინდუსტრიის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს და შეძლებისდაგვარად, პროგნოზებიც გააკეთეს. და როგორც აღმოჩნდა, ჯერემი კლარკსონი და ჯეიმს მეი აბსოლუტურად მართლები იყვნენ. მათი თქმით, 2011 წელს ჩინეთში მანქანები „საშინელი“ იყო, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა.

„1977 წელს ჩინეთში მილიონი მანქანა იყო. 2008 წლისთვის - 51 მილიონი. დღეს კი, [2011 წელს] 85 მილიონია“, - თქვა ჯეიმს მეიმ ვიდეოში. მაშინ, Top Gear-ის წამყვანებმა იწინასწარმეტყველეს, რომ  ეს რიცხვი შეიძლებოდ ამხოლოდ  და მხოლოდ გაზრდილიყო და ასეც მოხდა.

შოუს დასრულებამდე, კლარკსონმა და მეიმ ასევე უპასუხეს შეკითხვას, რომელმაც ეპიზოდის მთელი წინაპირობა შექმნა. „გამოდის, რომ მომავალში ყველა ჩინური მანქანებით ვივლით? ალბათ...“, - თქვეს მათ ნაწილობრივ ირონიულად და თან მაინც სერიოზულად. 

„2025 წლისთვის [ჩინეთში] საგზაო ქსელი საკმარისად დიდი იქნება, იმდენად რომ ბრიტანეთის კუნძულებს სრულად დაფარავს“, - დაამატა კლარკსონმა და აღმოჩნდა, რომ ის ამ შემთხვევაშიც მართალი იყო.

რეალურად მაშინ, როდესაც კლარკსონი და მეი ჩინეთში გაემგზავრნენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩინურ ავტომობილებს არავინ ყიდულობდა. ისინი ხელმისაწვდომი იყო, თუმცა არასაიმედოდ მიიჩნეოდა და არც ვიზუალით დაიკვეხნიდა. ეს კი უფრო მეტად იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა ევროპული მოდელების ასლებად იქმნებოდა.

ჩინელებმა ამის შემდეგ სტრატეგია შეცვალეს და გადაწყვიტეს მეტად ფოკუსირებულიყვნენ ელექტრომობილების განვითარებად ბაზარზე, უფრო იმიტომ, რომ იქ სხვა არავინ იყო. მაშინ, წლების განმავლობაში, EV-ების ერთადერთი „სერიოზული“ მწარმოებელი Tesla იყო.

დღეს ჩინეთში ელექტრომობილების რამდენიმე მსხვილი მწარმოებელი ოპერირებს და თუ მანქანების კოპირება ისეთი გავრცელებული პრაქტიკა აღარაა, ფაქტია, ჩინეთი კარგად იყენებს ადგილობრივი მუშახელის შესაძლებლობებს და არც ევროპული ტალანტის „მოპარვას“ ერიდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები