სტელანტისი, ჩინური ელექტრომობილები, ლიპმოტორი
Aa
Aa

Stellantis-ი ჩინურ ავტომწარმოებელს ტარიფებისთვის გვერდის ავლაში დაეხმარება

მას შემდეგ, რაც გასულ წელს Leapmotor-მა თავისი საქალაქო ელექტრომობილის, T03-ის წარმოება პოლონეთში ვერ დაიწყო, ჩინური ბრენდი წარმოებისთვის ახალ ადგილს ეძებს — როგორც ჩანს ეს ადგილი ესპანეთი იქნება. ეს კომპანიის გლობალური გაფართოებისთვის საკვანძო ნაბიჯი იქნება.

სავარაუდოდ, Leapmotor-ი სარაგოსაში არსებულ ქარხანას გამოიყენებს, რომელშიც ავტომობილებს Stellantis-ი აწყობს. პირველი მოდელი, რომელსაც ევროპის ტერიტორიაზე ბრენდი გამოუშვებს, B10 იქნება. Leapmotor-ის ეს მოდელი ევროპულ ბაზარზე აქამდეც ხელმისაწვდომი იყო, თუმცა მისი იმპორტირება ჩინეთიდან ხდებოდა. 2027 წლიდან ავტომწარმოებელი შედარებით მცირე ზომის ჰეჩბექ B05-ის წარმოებასაც დაიწყებს. 

გასული წელი ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — მისი ექსპორტის რიცხვი 400%-ით გაიზარდა და 67 052 ერთეული შეადგინა, როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 13 726 იყო. 2025 წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ ევროპის ბაზარზე კომპანიის შემოსავალი 479%-ით გაიზარდა და 810 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, Leapmotor-ის წმინდა მოგებაც საკმაოდ შთამბეჭდავი 78 მილიონი დოლარი იყო. 

ახლო კავშირი Stellantis-თან

AutoNews-ის ცნობით, Leapmotor-მა, რომელიც ახლა ფეხზე ისე მყარად დგას, როგორც არასდროს, განაცხადა, რომ აქტიურად განიხილავს მჭიდრო კავშირს Stellantis-თან ავტომობილებისა და ავტონაწილების წარმოების მიმართულებით. 

ჩინური ავტომწარმოებლის ფინანსური დირექტორის, ლი თენგფეის განცხადებით, Stellantis-თან ახლო პარტნიორობა კომპანიას საშუალებას მისცემს, ევროპულ რეგულაციებსა და ტარიფებს გვერდი წარმატებით აუარონ. ცხადია, ეს დაახლოება ორმხრივად მომგებიანი იქნება — Bloomberg-ის ცნობით, ტრანსატლანტიკური კორპორაცია Leapmotor-ის EV ტექნოლოგიებით საკმაოდ იხეირებს.

ასეთივე ნაბიჯი მცირე ხნის წინ Volkswagen Group-მაც გადადგა, როცა Audi ჩინური SAIC-ის პარტნიორად აქცია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები