აუქციონი, სუბარუ, კოლინ მაკრეი, სუბარუ იმპრეზა, სუბარუ იმპრეზა ტურბო 2000
Aa
Aa

აუქციონზე მაკრეების ოჯახის Impreza Turbo 2000 ძალიან იაფად იყიდება

ეს Subaru Impreza Turbo 2000-ია, რომელიც 1996 წელს, დაახლოებით, 25 000$ ღირდა. თუმცა ეს უკანასკნელი გაერთიანებული სამეფოს საზღვრების კვეთისთანავე არ გაყიდულა... ის Subaru UK-ის ოფიციალური პრესის ავტომობილი იყო, სულ რამდენიმე თვეში კი „საცხოვრებლად“ ერთ განსაკუთრებულ ოჯახში გადავიდა... 

N489 SOC-ით 1996-1999 წლებში მაკრეიების ოჯახი გადაადგილდებოდა — დიახ, ლეგენდარული კოლინ მაკრეის, რომელმაც 1995 წელს Subaru-ს საჭესთან მჯდომმა რალის მსოფლიო ჩემპიონატში (WRC) გაიმარჯვა. იმავე წელს იაპონურმა ავტომწარმოებელმა კონსტრუქტორების თასიც დაისაკუთრა, შესაბამისად, დიდი ალბათობით, კოლინს ეს მოდელი, ბრენდმა აჩუქა. 


სწორედ აღნიშნული Impreza ახლა Iconic Auctioneers-ის კლასიკური ავტომობილების აუქციონზე გაიყიდება, მისი ფასი კი, თუ გგონიათ, რომ ასტრონომიულია, ძალიან ცდებით. მოდელი 20 000-დან 26 000 დოლარამდე იქნება შეფასებული — დამეთანხმებით, ამხელა ისტორიის მქონე ეგზემპლარისთვის ძალიან კარგი ფასია. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 3 წლის განმავლობაში მანქანით თავად კოლინი, მისი ძმა ალისტერი და მამა, ჯიმი მაკრეი გადაადგილდებოდნენ — მზისგან დამცავ წინაფრაზე ხელმოწერებს ვხედავთ, თუმცა მათ შორის კოლინი არ არის (მიუხედავად ამისა, ჯიმი მაკრეი ბრიტანული რალის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა...)

„მაკრეების ოჯახთან დაკავშირებული მანქანები ენთუზიასტების ყურადღებას ყოველთვის იქცევენ — მათი გაყიდვის პატივი ჩვენ არაერთხელ გვქონია... მაგალითად, ჩვენ 480 500 გირვანქა სტერლინგად კოლინ მაკრეის 1998 Subaru Impreza STi 22B გავყიდეთ, რაც ჩვენი აუქციონის რეკორდი იყო. ეს Impreza ძალიან საინტერესო ეგზემპლარია — არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიტანეთში პირველი UK Turbo 2000-ია, არამდე იმიტომაც, რომ მას კოლინის კარიერის პიკში მაკრეები იყენებდნენ. ბრენდისა და რალის ისტორიის მოყვარულებისთვის, ეს ძალიან იშვიათი შესაძლებობაა", — განაცხადა Iconic Auctioneers-ის ხელმძღვანელმა, ბობ ჰაბარდმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები