რეაბილიტაცია, თბილისი, გზების რეაბილიტაცია, თბილისის მერია
Aa
Aa

რა ვიცით ვაკეში, ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციის შესახებ?

ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, 13 000 კვადრატულ მეტრზე საკომუნიკაციო სისტემები სრულად განახლდება, მათ შორის შეიცვლება წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები; ამავდროულად, იგეგმება უსაფრთხოების კუნძულებისა და ზებრა გადასასვლელების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების სისტემისა და ენერგოეფექტიანი LED-ლამპიონები განახლება.

ოფიციალური განცხადების თანახმად, აღნიშნული პროექტი "ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგილების გამარტივებასა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად." რეაბილიტაცია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა გზის გაფართოება - მონაკვეთის, რომელიც ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გრძელდება. განცხადების თანახმად, გზის სავალ ნაწილს კიდევ ერთი სამოძრაო ზოლი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას, შეამცირებს საცობებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების კომფორტს.

არსებული გეგმით, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულზე უნდა დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება 18 მილიონი ლარია. რეაბილიტაციის შემდეგ, კუს ტბის ტერიტორიიდან შესაძლებელი იქნება ბაგებისა და წყნეთის მიმართულებით მოძრაობა. ასევე რესტორან „წისქვილთან“ წყნეთიდან მომავალი ნაკადისთვის მარცხნივ მოხვევა იქნება შესაძლებელი. ხოლო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხაბეიშვილის ქუჩისკენ მარცხნივ მოხვევა იქნება შესაძლებელი, რაც შუქნიშნით დარეგულირდება და თამარაშვილის ქუჩაზე მოხვევა აღარ იქნება საჭირო. 

 

მსგავსი სიახლეები