კალაძის ახალი კომპანია ძველ ავტომობილებს რესტავრაციას ჩაუტარებს და საერთაშორისო არენაზე გაიტანს
სამეწარმეო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტაციის თანახმად, კახა კალაძემ ახალი კომპანია შპს „კალა კაპიტალ თბილისი“ დაარეგისტრირა. დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია მიმდინარე წლის 13 მაისს დარეგისტრირდა და 100%-იანი წილი კალაძის საკუთრებაშია.
როგორც ცნობილი ხდება, კომპანია „კალა კაპიტალ თბილისის“ მთავარი დანიშნულება ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა იქნება. პროექტში კი, ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები. სამომავლო გეგმების შესახებ, კალაძემ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა:
„რაც შეეხება აღნიშნულ კომპანიას და თვითონ საქმიანობას, რაც გვაქვს იდეაში ეს არის საპილოტე პროექტი და რამდენად გამოსვლადი იქნება ვნახოთ. ეს არის ჩემი ჰობი, გატაცება იყო ბავშვობიდან და მქონდა ყოველთვის ამის სურვილი და ვაპირებ ახალგაზრდებთან ერთად განვახორციელო აღნიშნული პროექტი, რამდენად გამოგვივა არ ვიცი, ვნახოთ. ეს არის ძველი ავტომობილების რესტავრაცია და საერთაშორისო არენაზე მათი გაყვანა, რამდენად გამოგვივა არ ვიცი. საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები“.
არსებული ცნობებით, ახლად შექმნილ კომპანიას, დირექტორის პოსტზე, ლანა ხასიდაშვილი უხელმძღვანელებს. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.