ელექტრომობილების ნაწილში გაჩენილმა ხანძარმა გემზე 3 000 მანქანა შეიწირა
შესაძლოა, ელექტრომობილების გაყიდვები ისე არ გაზრდილა, როგორც ავტომწარმოებლებს სურდათ, თუმცა გემზე კიდევ ერთი ხანძრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყველას გვახსენებს, რომ ელექტრომობილები ნამდვილად აალებადია. სატვირთო გემი აზიიდან ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით მიემართებოდა, რა დროსაც მასზე ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟი იძულებული გახდა ახალი ავტომობილებით დატვირთული გემი, წყნარი ოკეანის შუაგულში მიეტოვებინა.
Morning Midas-მა ჩინეთის პორტი 26 მაისს დატოვა და მექსიკის მიმართულებით აიღო გეზი. გემს დაახლოებით 3 000 მანქანა გადაჰქონდა, მათ შორის 800 ელექტრომობილი. თუმცა, 19-დღიანი მოგზაურობიდან მერვე დღეს, 3 ივნისს, ერთ-ერთი გემბანიდან ამომავალი კვამლი შენიშნეს. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა Zodiac Maritime-მა დაადასტურა, რომ ხანძარი სწორედ იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც ელექტრომობილები იყო განლაგებული.
„ეკიპაჟმა, გემზე არსებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენებით ხანძრის ჩაქრობისთვის საჭირო პროცედურები დაუყოვნებლივ დაიწყო“, - განაცხადა Zodiac Maritime-მა და დასძინა, რომ მათი ძალისხმევის მიუხედავად, სიტუაციის კონტროლი ვერ მოხერხდა. აშშ-ის სანაპირო დაცვასთან დაკავშირების შემდეგ, 22-კაციანმა ეკიპაჟმა სამაშველო ნავის დახმარებით, ტერიტორიის დატოვება გადაწყვიტა. ბოლო ინფორმაციით, გემზე ხანძარი კვლავ მძვინვარებს, შესაბამისად ბორტზე მყოფი ათასობით მანქანის მდგომარეობა უცნობია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ელექტრომობილების გადამზიდავ გემს ზღვაში ხანძარი გაუჩნდა. რამდენიმე წლის წინ, EV-ებიდან მომდინარე ხანძრის მსხვერპლი გახდა 4 000 ავტომობილით დატვირთული გემიც. ბორტზე ბევრი ძვირად ღირებული მოდელი, მათ შორის Porsche, Bentley და Lamborghini იყო განთავსებული.