14 წლის მათე კობახიძე კარტინგებში ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის გამარჯვებულია
ჩეხეთში, Steel Ring-ის არენაზე, კარტინგებში ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართა. საერთაშორისო ჩემპიონატი - Rotax MAX Challenge Euro Trophy - გუშინ, 8 ივნისს, ქართველი მრბოლელის, 14 წლის მათე კობახიძის გამარჯვებით დასრულდა.
აღნიშნული გამარჯვებით, ევროპის ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში კობახიძემ მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა და პირველ ადგილს მხოლოდ 10 ქულით ჩამორჩება, რაც მისი გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ზამთრის შეჯიბრებისგან განსხვავებით, ზაფხულის რბოლები ოთხ ეტაპად ტარდება. პირველი ეტაპი გერმანიაში გაიმართა, ჩემპიონატის დასრულებამდე კი ახლა ორი ეტაპია დარჩენილი - პირველი ეტაპი ორ კვირაში ბელგიაშია დანიშნული, ხოლო მეორე მოგვიანებით, იტალიაში. ოთხივე ეტაპში მიღებული შედეგების ჯამით, კარტინგებში ევროპის ჩემპიონი გამოვლინდება.
ჩეხეთის Steel Ring-ზე გამართულ დაპირისპირებაში, კვალიფიკაციის რაუნდში სულ 64 მრბოლელი მონაწილეობდა. მათგან კობახიძემ მესამე ადგილი დაიკავა. კვალიფიკაციის შემდგომ, ნახევარფინალში პოზიციის განსასაზღვრად, დამატებით სამი რბოლა გაიმართა - ერთი კვალიფიკაციის დღეს, ორიც მომდევნო დღეს.
აღნიშნულ რბოლებში მოპოვებული მეორე, მესამე და მეორე ადგილებით, ქართველმა მრბოლელმა ნახევარფინალი მეორე პოზიციიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში არაპროგნოზირებადი წვიმიანი ტრეკის მიუხედავად, მათემ მარტივად მოახერხა რბოლისთვის ალღოს აღება, უსწრაფესი წრე დააფიქსირა და გამარჯვებაც მოიპოვა.
თუმცა, საერთო შედეგებით, იმავე დღეს გასამართ ფინალში კობახიძე კვლავ მეორე სასტარტო პოზიციაზე განისაზღვრა. ამ შემთხვევაშიც, მათემ სველ ტრეკზე წარმატებით იასპარეზა და რბოლა გამარჯვებით, უსწრაფესი წრითა და მეორეადგილოსანთან 2-წამიანი სხვაობით დაასრულა.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, გაერთიანებულ სამეფოში „ფორმულა 4“-ის ტესტები ჩატარდება, რომელშიც მათე კობახიძეც მიიღებს მონაწილეობას.