იხილეთ Sanrivatti One — ძალიან უცნაურად სამართავი სუპერქარი
რაში ცდებიან თანამედროვე სუპერქარების შემქმნელები? ახალი სტარტაპის, Sanrivatti-ს აზრით, ყველაზე ფუნდამენტურ რამეში — მართვის პოზიციაში. კომპანიაში თვლიან, რომ ტრადიციული სავარძელი წარსულს ჩაბარდა და შექმნეს ე.წ. Apex Position-ი, რაც რეალურად ავტომობილში მოტოციკლის მართვის პოზიციის, ანუ მუცელზე წოლის პოზიციაში ჯდომის ინტეგრაციას გულისხმობს.
ასევე იხილეთ: ისტორიაში ყველაზე უცნაური ავტომობილები
ახალი ჰიპერქარი, სახელწოდებით One, ერთადგილიანი პროტოტიპია, სადაც „სავარძლის“ ნაცვლად სპეციალური ორთოპედიული კონსტრუქციაა წარმოდგენილი. მძღოლი საჭის წინ მუცელზე წოლით პოზიციაში იმყოფება, ხოლო სატერფულები უკანა მხარეს, სხეულის გასწვრივ არის განთავსებული. მიუხედავად უჩვეულო პოზიციისა, მართვა ტრადიციული ავტომობილის საჭით ხდება და არა მოტოციკლის სახელურით.
შესაბამისად, ინოვაციური ჰიპერქარის პროპორციებიც განსხვავებულია: წინ წამოწეული და ვერტიკალური საქარე მინა კაფსულის ნაწილია და წინ იხსნება. მიუხედავად ამისა, დანარჩენი კონსტრუქცია კლასიკური ტრეკის მონსტრების შაბლონს იმეორებს — გიგანტური ჰაერმიმღებები, უზარმაზარი სპოილერი, ნახშირბად-კერამიკული მუხრუჭები, მაგნიუმის დისკები, სლიკები და სპეციალური საკიდარი.
შესაძლოა ამ პროტოტიპმა McLaren Solus GT-ი მოგაგონოთ. მსგავსად მაკლარენისა, Sanrivatti One-ი აღჭურვილია Judd Power-ის წარმოების ატმოსფერული V10 ძრავით, რომელიც 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილის წონა სულ რაღაც 1100 კილოგრამია, დინამიკური მახასიათებლები უკიდურესად შთამბეჭდავი უნდა იყოს.
კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია ფასი, თუმცა ერთი რამ ცხადია — 800 ცხენის ძალისა და 1100 კგ წონის მქონე მანქანის მართვა მუცელზე წოლით მდგომარეობაში მომავალი მილიარდერი მყიდველებისგან არა მხოლოდ დიდ ფინანსებს, არამედ ძლიერ ფიზიკურ მომზადებასა და რკინის ნერვებსაც მოითხოვს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს