აუქციონი, დოჯი, დოჯი ჩელენჯერი, უნიკალური ავტომობილი, კევინ ჰარტი
Aa
Aa

კევინ ჰარტის Challenger-ი უნიკალურია და რეკორდების მოხსნა შეუძლია

ეჭვგარეშეა, რომ Dodge Challenger SRT Demon 170 Jailbreak-ი ყოველთვის იყო და იქნება ავტოენთუზიასტთა ერთ-ერთი საყვარელი ავტომობილი. რა თქმა უნდა, მისი ექსკლუზიურობიდან გამომდინარე, არც მოდელის ფასი შემცირდება. 40 ეგზემპლარად დამზადებული Dodge მხოლოდ VIP-კლიენტების რჩეული ჯგუფისთვის იყო განკუთვნილი.

ამ მანქანებიდან ერთ-ერთი ახლა აუქციონზეა გამოტანილი და ფასმა უკვე 400 000 დოლარს მიაღწია. აუქციონის დასრულებამდე ერთი დღე დარჩა, რაც ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს რეალური შანსი აქვს კიდევ ერთი რეკორდი დაამყაროს.

საინტერესოა, რომ ეს კონკრეტული ეგზემპლარი თავდაპირველად კომიკოსსა და მსახიობ კევინ ჰარტს გადაეცა. ცნობილ ენთუზიასტს, რომელსაც ამერიკული ავტომობილებისადმი დიდი სიყვარული გამოარჩევს.  მის ავტოფარეხში რესტავრირებული და ვინტაჟური მანქანების დიდ კოლექციას ვხვდებით და Dodge-ის ამ ვერსიის ხილვაც, გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს.

ისევე როგორც Demon 170 Jailbreak-ის სხვა 39 მფლობელი, ჰარტი Dodge-მა მანქანის შესაძენად პირადად მიიწვია. Dodge-მა 40 მანქანისთვის 40 სხვადასხვა ფერის ვარიანტი შეიმუშავა და თითოეულ ფერში მხოლოდ ერთი ეგზემპლარი ააწყო. ჰარტის მოდელი Cream Sickle-შია შეღებილი.

ამჟამინდელმა მფლობელმა ეს მოდელი ჰარტისგან გაურკვეველ თანხად შეიძინა. თუმცა, როგორც ჩანს, მას შემდეგ ავტოფარეხში შეინახა, რადგან Dodge-ს სულ 40 კილომეტრამდე აქვს გავლილი. აუქციონზე პირველი გამოჩენისას კი, Challenger-ის ფასი მხოლოდ $160 000-ს შეადგენდა. ცნობისთვის, ახალი მყიდველი ავტომობილთან ერთად Simpson-ის ჩაფხუტსაც მიიღებს, რომელიც Cream Sickle-ის ფერშია შეღებილი და Demon-ის გრაფიკაც გასდევს.

ავტომობილის შესაძლებლობებს, რაც შეეხება კაპოტის ქვეშ ის კვლავ Demon 170-ის იდენტურია. ეს ნიშნავს, რომ მოდელი 6.2-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 1 025 ცხენის ძალას და 1 200 ნ.მ-ს გამოიმუშავებს.

 

მსგავსი სიახლეები