ჩინური BYD ინფლუენსერებს სასამართლოში უჩივის
ავტომწარმოებელთა ნაწილი კრიტიკას პრესრელიზით, ან პროდუქტის განახლებით პასუხობს. მეორე მხრივ, BYD, დავის სასამართლო გზით გადაწყვეტას ირჩევს. როგორც ირკვევა, ჩინური ავტომწარმოებელი 37 ინფლუენსერს უჩივის და დამატებით სოციალური მედიის 126 ანგარიშის წინააღმდეგ გამოძიებას ატარებს და კომპანია, აქ გაჩერებას არ აპირებს.
ჩინური ავტომწარმოებელი სამართლებრივ ქმედებებს გააგრძელებს იმ პირებთან ან ორგანიზაციებთან, რომელთაც ცრუ ბრალდებების გავრცელებაში ადანაშაულებს. ასევე, BYD მაღალ ფინანსურ ჯილდოს სთავაზობს ინვესტორებს, რომლებიც მათ სანდო ინფორმაციას მიაწვდიან.
Weibo-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, BYD-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა სიტუაცია აღწერა, როგორც „განმეორებითი, ორგანიზებული და მავნე ონლაინთავდასხმების სერია“, რომლებსაც მათი თქმით, ანონიმური მედიასაშუალებები და PR-კომპანიები ახორციელებენ. BYD-ის თქმით, თავდასხმებმა „მნიშვნელოვნად დააზიანა კომპანიის რეპუტაცია, დაარღვია ბაზრის წესრიგი და უარყოფითი გავლენა იქონია ინდუსტრიის ჯანსაღ განვითარებაზე“.
კომპანიამ განცხადებაში რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა, რომელიც ისეთი მსხვილი პლატფორმების ინფლუენსერებს უკავშირდებოდა, როგორებიცაა WeChat-ი და Weibo. ზოგიერთი პოსტი, სავარაუდოდ, BYD-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციას შეეხებოდა, ზოგიც კი, ჩინური ბრენდის მოდელებს უსაფრთხოების ნაკლებობასა და მაღალ ფასში ადანაშაულებდა.
ერთ-ერთ ცნობილ შემთხვევაში, მომხმარებელმა BYD გავლენიანი პირების მანიპულირებაში დაადანაშაულა, რასაც კომპანია ასევე უარყოფს.
სასამართლო სხდომების ნაწილი უკვე BYD-ის სასარგებლოდ დასრულდა. რამდენიმე პირს საჯაროდ ბოდიშის მოხდა და ზიანის ანაზღაურებაც დაევალა. ჯარიმების მოცულობა $8 000-დან $14 000-მდე მერყეობდა. რამდენიმე საქმე კვლავ სასამართლო განხილვის საგანია.
რაც შეეხება ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოებს: BYD-მ მოქალაქეებს სთხოვა, ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მას „ახალი ამბების თაღლითობის საწინააღმდეგო ოფისის“ მეშვეობით მიმართონ. ჯილდო კი, $7 000-დან $700 000-მდე მერყეობს და ინფორმაციის გავლენიანობაზეა დამოკიდებული.