უნიკალური ავტომობილი, რომლის გამოც მესი და რონალდუ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, როგორც ამბობენ, ერთხელ ერთმანეთს არა საფეხბურთო მოედანზე, არამედ აუქციონის ოთახში, იშვიათი Ferrari 335 S Spider Scaglietti-სთვისაც დაუპირისპირდნენ. ეს მოდელი იმდენად იშვიათია, რომ მისი მხოლოდ ოთხი ეგზემპლარი დამზადდა და რა გასაკვირია, რომ მისი კოლექციისთვის დამატება, ორივე ცოცხალი ლეგენდის სურვილად იქცა.
აუქციონი პარიზში, Retromobile-ის კლასიკური ავტომობილების შოუზე, 2016 წელს გაიმართა. გამარჯვება კი, საბოლოოდ არგენტინელ ვარსკვლავს დარჩა, რომელმაც უიშვიათეს სარბოლო მოდელში განსაცვიფრებელი, $36 მილიონი გადაიხადა. მცირე დროის შემდეგ კი, Ferrari-მ მესის ავტოფარეხში გადაინაცვლა და ამასთან დაკავშირებით, Barcelona-ს ყოფილმა ფეხბურთელმა Instagram-ზე ფოტოც გამოაქვეყნა.
სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოზე ვხედავთ, რომ ლიონელ მესის ხელში სათამაშო Lightning McQueen-ი უჭირავს, პოსტს კი, წარწერაც აქვს მითითებული: „ჩემი ახალი მანქანა“. ერთი რამ ფაქტია, არგენტინელმა თავისი ახალი „სათამაშოს“ შეძენით დიდი სიამოვნება მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ იშვიათ სპორტულ მანქანაში $36 მილიონის დახარჯვა შეიძლება ბევრს უგუნურ გადაწყვეტილებად მიაჩნდეს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საუბარი ლიონელ მესიზე გვაქვს, რომლის მზარდ სიმდიდრესაც ეს Ferrari უბრალოდ ვერაფერს დააკლებდა. ის სუპერქარების მიმართ დიდი სიყვარულითაც ცნობილია და როგორც ამბობენ, მაიამიში მდებარე პენტჰაუსში სუპერმანქანებისთვის ლიფტიც აქვს.
რაც შეეხება მესის შენაძენს: თქვენ წინაშე Ferrari 335 S Spider Scaglietti-ია, რომელიც 1957-1958 იწარმოებოდა და ძლიერი, V12 ძრავით გამოირჩეოდა. 400 ცხენის ძალის მქონე ავტომობილი მაქსიმალურ სიჩქარეს 290 კმ/სთ-ზე აღწევდა, რაც თავის თანამედროვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად წინ აყენებდა.
ავტომობილი თავისი დროის ყველაზე პრესტიჟულ რბოლებში, მათ შორის Mille Miglia-სა და Le Mans-ის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობდა და არაერთი გამარჯვებაც დაისაკუთრა.