Mercedes-ის უსაფრთხოების ტესტი | ელექტრომობილი ჰიბრიდის წინააღმდეგ
საავტომობილო სამყაროში ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებს შორის ბრძოლა დღითიდღე მწვავდება. ხშირად ვხედავთ დრაგ-რბოლებსა თუ ეკონომიურობის ტესტებს, თუმცა პოპულარულმა იუთუბერმა Kim Java-მ სრულიად განსხვავებული ექსპერიმენტი გადაიღო: მან გერმანიაში, Mercedes-Benz-ის უსაფრთხოების კვლევით ცენტრს მიაშურა, რათა საკუთარი თვალით ენახა, რა ხდება მაშინ, როდესაც ჰიბრიდული ავტომობილი ელექტრომობილის გვერდითა ნაწილს დიდი სიჩქარით ეჯახება.
ექსპერიმენტის მთავარი კითხვა მარტივი იყო: „რა ემართება ელექტრომობილის უზარმაზარ ბატარეას, როდესაც სხვა ავტომობილი პირდაპირ მას ეჯახება?“
დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ელექტრომობილი დატრიალდა. იუთუბერის განცხადებით, დარტყმის ტალღა მაყურებელთა პლატფორმაზეც კი საგრძნობლად იგრძნობოდა. შედეგების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ ჰიბრიდულ ავტომობილს საქარე და გვერდითა მინები სრულიად უვნებელი დარჩა, ხოლო ელექტრომობილმა (რომელმაც გვერდითი დარტყმა მიიღო) საგრძნობლად მეტი დაზიანება მიიღო (ვინ იფიქრებდა...) — მისი გვერდითა მინები სრულად დაიმსხვრა, ხოლო ძარა სერიოზულად დეფორმირდა.
ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს
ტესტის ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთს მაღალვოლტჟიანი ბატარეის მდგომარეობა წარმოადგენდა. Mercedes-ის ინჟინრებმა დაადასტურეს, რომ მიუხედავად გვერდითა ძარის სერიოზული დაზიანებისა, ელექტრომობილის ბატარეის დამცავმა კაფსულამ და ულტრა-მტკიცე სტრუქტურამ დარტყმას გაუძლო — ბატარეა არ დაზიანებულა, არ მომხდარა გაჟონვა და არ წარმოქმნილა ხანძრის საშიშროება.
ტესტი 56 კმ/სთ სიჩქარეზე ჩატარდა. ერთი შეხედვით, ეს დაბალი სიჩქარეა, თუმცა ძარის დეფორმაციისა და დარტყმის ძალის მასშტაბები აშკარად აჩვენებს, თუ რამდენად კრიტიკულია უსაფრთხოების ღვედების მუდმივი გამოყენება და თანამედროვე ავტომობილების სტრუქტურული სიმტკიცე.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს