საუკუნოვანი პარტნიორობა | ვატიკანში პაპების Mercedes-ები გამოფინეს
მსოფლიოში თითქმის ყველასთვის ნაცნობია „პაპამობილები“ — სპეციალური ავტომობილები, რომლებსაც რომის პაპი საზოგადოებრივი გამოსვლებისა და მოგზაურობებისას იყენებს. Mercedes-Benz-სა და ვატიკანს შორის მჭიდრო პარტნიორობა ჯერ კიდევ 1930 წელს დაიწყო და გერმანული ავტოგიგანტი წმინდა საყდარს როგორც ოფიციალურ წარმომადგენლობით, ისე სპეციალური დანიშნულების ავტომობილებით ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფს.
ასევე იხილეთ: პრეზიდენტის ლიმუზინის და ესკორტის საიდუმლო ფუნქციები
ეს უნიკალური საავტომობილო ისტორია ახლა ვატიკანში გახსნილი ექსპოზიციის მთავარი თემაა. გამოფენა ვატიკანის გალერეასთან მდებარე მინის პავილიონში 2027 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი რვა ისტორიული მოდელი ნათლად აჩვენებს ევოლუციას პაპის ტრადიციული ლიმუზინებიდან სპეციალურად აგებულ, თანამედროვე „პაპამობილებამდე“.
Mercedes Nürburg 460 (W 08), 1930 წელი
Mercedes-Benz-ისა და ვატიკანის განსაკუთრებული ურთიერთობა 1930 წელს სწორედ ამ მოდელით დაიწყო. 4.6-ლიტრიანი 8-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავით აღჭურვილმა Pullman-ის ტიპის ლიმუზინმა რომის პაპ პიუს XI-ისთვის სალონის სერიოზული მოდიფიკაცია გაიარა.

კაბინის მთავარი ღირსება გახდა პონტიფიკოსისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური სავარძელი, რომელიც ნამდვილი აბრეშუმის ფარჩით იყო მოპირკეთებული, ხოლო ინტერიერი ხელით დამუშავებული ძვირფასი ხითა და ლითონის დეკორატიული ელემენტებით გაფორმდა.
Mercedes 300 d Landaulet (W 189), 1960 წელი
სამი ათწლეულის შემდეგ, პაპმა იოანე XXIII-მ Mercedes-Benz 300 d Landaulet-ი მიიღო. სტანდარტულ მოდელთან შედარებით, მას თვლების ბაზა დაგრძელებული ჰქონდა, ხოლო ხალხმრავალ ღონისძიებებზე უკანა გვერდითი მინების სრულად მოხსნაც იყო შესაძლებელი.

უკანა კარების გაღებისას ავტომატურად გამოდიოდა საფეხურებიც. პაპის ცენტრალურად განთავსებული სავარძელი ელექტრონულად რეგულირდებოდა, ხოლო კლიმატკონტროლისა და რადიოკავშირის მართვის პულტები უკანა სავარძლიდან მარტივად იყო ხელმისაწვდომი.
Mercedes 600 Pullman-Landaulet (W 100), 1965 წელი
600 Pullman Landaulet -ი პაპ პავლე VI-ს 1965 წლის შემოდგომაზე გადაეცა. წარმომადგენლობითმა ლიმუზინმა ვატიკანის სამსახურისთვის არაერთი სპეც-მოდიფიკაცია გაიარა: გაფართოვდა უკანა კარები, ამაღლდა ჭერის ხაზი უკანა მგზავრის ზონაში და დამონტაჟდა პაპისთვის განკუთვნილი, სპეციალური დიზაინის ინდივიდუალური სავარძელი. ავტომობილი ასევე აღიჭურვა გაგრილების სისტემითა და ტელეფონით, რომლითაც კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი მძღოლს ეკონტაქტებოდა.

Mercedes 300 SEL Pullman (W 109), 1967 წელი
1967 წელს ჩაყვანილი 300 SEL Pullman-ის სედანები სტანდარტულ ვერსიებთან შედარებით 65 სანტიმეტრით გრძელი იყო. Landaulet-ისგან განსხვავებით, ეს ექვსადგილიანი ლიმუზინები უპირატესად ვატიკანის მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების გადასაყვანად გამოიყენებოდა.

Mercedes 230 G (W 460), 1980 წელი / 230 GE „პაპამობილი“, 1982 წელი
1980 წელს, პაპ იოანე პავლე II-ის გერმანიაში ვიზიტისთვის შექმნილმა Mercedes-Benz 230 G-მ სრულიად ახალი კონცეფცია დაამკვიდრა. ავტომობილის უკანა ნაწილში განთავსდა მაღალი, გამჭვირვალე გუმბათი, რომელიც პაპს უამინდობისგან იცავდა და, ამავდროულად, ხალხისთვის მისი დანახვის იდეალურ შესაძლებლობას ქმნიდა.

G-Class-ის გრძელბაზიან პლატფორმაზე აგებული ავტომობილი შეღებილი იყო მარგალიტისფერ თეთრად, ოქროსფერი დეტალებითა და თეთრი სალონით. 1981 წელს პაპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, Mercedes-Benz-მა შექმნა მეორე, პრაქტიკულად იდენტური 230 GE მოდელი — უკვე შეჯავშნული მინებითა და ძარით.
Mercedes S 500 Long Landaulet (W 140), 1997 წელი
მიუხედავად იმისა, რომ იოანე პავლე II-ის პონტიფიკატი უმეტესად G-Class-ის „პაპამობილთან“ ასოცირდება, Mercedes-Benz-მა მისთვის S-Class-ზე დაფუძნებული ტრადიციული Landaulet-იც დაამზადა. S 500 Long-ი ვატიკანს 1997 წელს გადაეცა, აღჭურვილი ელექტროჰიდრავლიკური დასაკეცი სახურავითა და განსაკუთრებით ფართო უკანა სავარძლით.

Mercedes ML 430 (W 163), 2002 წელი / ML 500 (W 166), 2012 წელი
2002 წელს Mercedes-Benz-მა „პაპამობილის“ კონცეფცია M-Class SUV-ის პლატფორმაზე გადაიტანა. ML 430-ში გამჭვირვალე გუმბათი ბევრად უფრო ორგანულად ინტეგრირდა ძარის დიზაინში. პაპმა იოანე პავლე II-მ ეს ავტომობილი პირველად ტორონტოში, მსოფლიო ახალგაზრდობის დღეებზე გამოიყენა.

ხოლო 2012 წლის დეკემბერში, პაპ ბენედიქტე XVI-ისთვის, Mercedes-Benz-მა შექმნა ML 500. ამ მოდელში უკანა გამჭვირვალე კაფსულა კიდევ უფრო გაფართოვდა, გაიზარდა შუშის ფართობი და გაუმჯობესდა სალონის განათების სისტემა, რამაც პაპის ჩასჯდომა-გადმოსვლა და მისი ვიზუალური აღქმა კიდევ უფრო კომფორტული გახადა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს