დაკუნთულმა Challenger-მა 911 GT3 RS-ი კედელზე მიაჭყლიტა
მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილსაც კი აქვს ერთი საბედისწერო ნაკლი: ფიზიკის კანონებს ემორჩილება. შესაბამისად, როდესაც წვიმს, ის სრიალებს. ეს რეალობა კი, სანახაობრივად, ნიდერლანდებში, TT Circuit Assen-ზე ვიხილეთ, სადაც არა ერთმა, არამედ Porsche 911 GT3 RS-ის ორმა მძღოლმა სველ ტრასაზე გასეირნება გადაწყვიტეს. აქვე გეტყვით, რომ ეს გასეირნება მათთვის კარგად ნამდვილად არ დასრულდა.
Porsche 911 GT3 RS, ალბათ, ტრასებისთვის საუკეთესო ავტომობილია, რომელიც ამჟამად გაყიდვაშია. მაგრამ, რაც არ უნდა ფანტასტიკური იყოს ის, სარბოლო ტრასაზე, თანაც ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს, მისი გამოცდა საუკეთესო იდეა ალბათ არაა. გასულ კვირას, ორი 911, სწორედ ფიზიკის კანონებს შეეწირა, ამ გაუგებრობაში, კი რატომღაც Dodge Challenger-იც გაეხვა, რომელიც პირდაპირ ერთ-ერთ Porsche-ს შეეჯახა.
შეჯახების ამსახველი ვიდეო Carspotter Jeroen-ის YouTube არხზეა გამოქვეყნებული. ვიდეოში ჩანს, რომ ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტრასაზე ძალების გამოცდა არაერთმა მძღოლმა გადაწყვიტა. მსგავსად, ერთ-ერთმა 911 GT3 RS-მა სველ ტრასაზე მოძრაობა დაიწყო, თუმცა კონტროლი მალევე დაკარგა და მსუბუქად კედელს შეეჯახა. თუმცა რამდენიმე წამში წითელი Dodge Challenger-ი გამოჩნდა, რომელიც ასევე უმართავად გადაადგილდებოდა. საბოლოოდ, ის პირდაპირ ძვირადღირებულ Porsche 911-ს შეეჯახა, ხოლო 911 კედელთან მოაქცია.
ამ ყველაფრის პარალელურად, სწორ გზაზე ავტომობილზე კონტროლი თეთრ-მწვანე 911 GT3 RS-ის მძღოლმაც დაკარგა, ავარიის დროს მოცურდა და კედელს მსუბუქად დაეჯახა. საბედნიეროდ, 911-მა მნიშვნელოვანი დაზიანება თავიდან აიცილა, რასაც პირველ 911-ზე ვერ ვიტყვით.