Tesla მატარებელს შეეჯახა | მძღოლი თვითმართვად რეჟიმს ადანაშაულებს
წარმოიდგინეთ, რომ ელექტრომობილის საჭესთან ხართ, მანქანა ნახევრად თვითმართვად რეჟიმზე გყავთ და გზაზეც თავისუფლად გადაადგილდებით. თუმცა მოულოდნელად, ამ უწყინარ მგზავრობას ლიანდაგებზე ასრულებთ და თან, მატარებელს ეჯახებით. რთული წარმოსადგენია, თუმცა ზუსტად მსგავს ვითარებაში მოხვდა Tesla Model 3-ის ერთ-ერთი მძღოლი, რომელმაც დროც არ დაკარგა და მომხდარში, ელექტრომობილის თვითმართვადი სისტემა დაადანაშაულა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, მანქანამ ლიანდაგზე დაახლოებით 12-15 მეტრი გაიარა. მძღოლის თქმით, როგორც ჩანს Tesla-მ რკინიგზის ლიანდაგები გზად აღიქვა და მოძრაობაც ჩვეულებრივად გააგრძელა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანა სრულად თვითმართვად რეჟიმზე იყო. ინციდენტი დაახლოებით დილის 5:30 საათზე მოხდა. რამდენიმე წუთში ლიანდაგზე მატარებელიც გამოჩნდა, რომელიც Tesla-ს სარკეს დაეჯახა. ამ დროს, ელექტრომობილის ყველა მგზავრი უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა.
მიუხედავად ამისა, ეკიპაჟს ლიანდაგის დროებით გათიშვა მოუხდა, რათა ელექტრომობილი შემდგომი ინციდენტების რისკის გარეშე, ტერიტორიიდან გაეყვანათ. Spitlers Garage and Towing-ის ცნობით, რომელმაც შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.ელექტრომობილის გასაყვანად სამუშაო ჯგუფს სპეციალიზებული დანადგარიც დასჭირდა. გასაკვირი არაა, რომ Tesla ამ ყველაფერს უვნებლად ვერ გადაურჩა.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქმეში ბევრი შეუსაბამობაა. მაგალითად ის, რომ მძღოლის სრული განცხადება არ არსებობს და ასევე გაუგებარია, თუ რატომ არ შეაჩერა მან ელექტრომობილი, როდესაც ის გზის სავალი ნაწილიდან ლიანდაგზე გადავიდა.
ამასთან ერთად, Tesla-ს თქმით, თვითმართვადი სისტემა სრულად ავტომატურს არ ნიშნავს. მისი მართვისას აუცილებელია, რომ მძღოლი ყურადღებით იყოს და საჭე აკონტროლოს. სისტემა მძღოლსაც აკვირდება, რათა დარწმუნდეს ფხიზლადაა თუ არა ის. გამომდინარე აქედან, დასკვნების გამოტანა და შემთხვევაში სრულად ავტომობილის ტექნოლოგიის დადანაშაულება დაუშვებელია და საქმეს, სიმართლის დასადგენად, დამატებითი მტკიცებულებები დასჭირდება.