კაბრიოლეტი, ფერარი, ვი 8, ფერარი ამალფი სპაიდერი
Aa
Aa

ახალი Ferrari Amalfi Spider — ულამაზესი კაბრიოლეტი V8 ძრავით

Ferrari ახლა პირველი ელექტრომობილის, Lucce-ს შექმნის პროცესში თავითაა გადაშვებული... მიუხედავად ამისა, ლეგენდარული ვერც შიგაწვისძრავიან ხაზს ელევა — მეტიც, სკუდერიამ ახალი კაბრიოლეტი, Amalfi Spider-ი წარადგინა, რომელიც ცოტა ხნის წინ შვებულებაში გასული Roma Spider-ის ადგილს დაიკავებს. 

ახალწვეული Amalfi Coupe-ს გამოსვლიდან 8 თვეში გამოჩდა — ერთი შეხედვით, მანქანა კარგად ნაცნობია, ჩამოჰგავს Coupe-ს, მსგავსია სალონი და მექანიკური განახლებებიც, თუმცა მთელ ამ კოქტეილს რბილ სახურავს ამატებს, რომლის მოშორების შემთხვევაშიც ტრადიციულად ულამაზეს კაბრიოლეტს მიიღებთ. 

ასევე იხილეთ: საუკეთესო ავტომობილი ისტორიაში? - Ferrari F40

როგორც მოსალოდნელი იყო, ვიზუალურად Spider-ი უბრალოდ მაისურის გარეშე წარმოდგენილი Amalfi-ა. ადგილზეა ვიწრო მაშუქები, ცხვირი გიგანტური ცხაურას გარეშე, განახლებული ბამპერი, უფრო გამოყვანილი პროფილი და, რა თქმა უნდა, უმშვენიერესი 20-დუიმიანი დისკები. 

Ferrari მყიდველებს საშუალებას მისცემს, რომ სპეციალური ქსოვილისგან შექმნილი სახურავის ფერი თავად შეარჩიონ. 60 კმ/სთ სიჩქარეზე სახურავის გახსნისთვის ავტომობილს 13.5 წამი სჭირდება — თუ ავტომობილი გადახურულ მდგომარეობაში უფრო მოგწონთ, სპეციალურად დამზადებული ქსოვილი და კონსტრუქცია სრულ თბოიზოლაციასა და ხმოვან იზოლაციას შემოგთავაზებთ.


Amalfi Spider-ის სალონში განახლებულია ცენტრალური კონსოლი, რომელსაც 10.25-დუიმიანი მულტიმედიის მონიტორი ამშვენებს — ამ ტექნოლოგიებს 15.6-დუიმიანი ხელსაწყოთა დაფა და 8.8-დუიმიანი თანამზავრის ეკრანი უწყვილდებიან. პრაქტიკულობა, ცხადია, უკანა ფლანგზეა გადაწეული, მიუხედავად იმისა, რომ Ferrari აბსოლუტურად ფუნქციურ საბარგულს გთავაზობთ. გადახურულ მდგომარეობაში, მისი ტევადობა 255 ლიტრია, ხოლო კაბრიოლეტში 172 ლიტრამდე მცირდება. ეს Fiat Panda-ს საბარგულზე მცირე მოცულობაა, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ Amalfi Spider-ის მყიდველი საბარგულის გაბარიტებზე დაიწუწუნებს...

ძალური აგრეგატი

Amalfi Spider-ის კაპოტის ქვეშ 2-ტურბინიანი, 3.9-ლიტრიანი V8 იმალება, რომელიც 631 ცხ.ძ-სა და 760 ნიუტონს გამოიმუშავებს. ეს წინაპარი Roma Spider-ის სიმძლავრეს 20 ცხ.ძ-ით აღემატება. ეს ყველაფერი უკანა თვლებს 8-სიჩქარიანი, ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფით მიეწოდება.

როგორც წესი, კაბრიოლეტი სახურავის მექანიზმის მიერ მომატებული წონის გამო, სტანდარტულ ვერსიაზე ოდნავ ნელია ხოლმე, თუმცა Amalfi Spider-ი 100 კმ/სთ-მდე მაინც 3.3 წამში ჩქარდება, როგორც Coupe. თუმცა განსხვავება 200კმ/სთ-მდე აჩქარებისას იჩენს თავს, სადაც კაბრიოლეტი 0.4 წამით უფრო ნელია.

ბაზრის ამ სეგმენტში მოდელს ნაცნობ კონკურენტებთან მოუწევს დაპირისპირება — აქ მას Aston Martin Vantage Roadster-ი, Mercedes-AMG SL 63, Porsche 911 Turbo S Cabriolet-ი და Maserati MC20 Cielo შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები