BMW ფორმულა 1-ში დაბრუნებას არ განიხილავს — მიზეზი
მიმდინარე სეზონში ფორმულა 1-ს ორი ახალი ბრენდი, Audi და Cadillac-ი დაემატნენ. ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ მათ რიგებს ახლო მომავალში BMW-ც შეუერთდებოდა... მიუხედავად ამისა, ბავარიულმა ავტომწარმოებელმა ავსტრალიურ მედიას განუცხადა, რომ ბრენდი F1-ში დაბრუნებას არ გეგმავს.
ასევე იხილეთ: ამ კაცმა Formula 1-ის ბოლიდი თავისი ხელით შექმნა და მოიგო!
BMW M-ის აღმასრულებელი დირექტორის, ფრანკ ვან მეელის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ გერმანულ კომპანიას სურს, მეტი ყურადღება ავტოსპორტის იმ დისციპლინებს დაუთმოს, რომლებიც სერიულ მოდელებთან ახლოს დგანან. 
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, სერიულ წარმოებასთან ახლოს ვიყოთ. სწორედ ამიტომ ვიყავით მოხარული M4-ის GT4 და GT3 კლასებში ყოფნითა და იმ ძრავის გამოყენებით, რომელსაც M-ის ყველა 6-ცილინდრიან მანქანაში გვხვდება...", — განაცხადა ვან მეელმა.
BMW-ს ბოლიდებთან ურთიერთობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს — ის 1980-იან წლებში ძრავას აწვდიდა Brabham-ს, ATS-ს, Arrows-ს, Bennetton-სა და Ligier-ს, 2000-2005 წლებში კი ძალური აგრეგატით Williams-ს ეხმარებოდა. 
2006 წელს გერმანული ავტომწარმოებელი რბოლებს BMW Sauber გუნდით თავად შეუერთდა, თუმცა 2009 წელს ფინანსური პრობლემებისა და საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისის გამო რბოლები დატოვა.
ამჟამად BMW-ის ყურადღება, როგორც აღინიშნა, უფრო „საგზაო“ ავტომობილებისათვის განკუთვნილ რბოლებს ეთმობა: GT3-ს, World Endurance Championship-ს, DTM-ს, IMSA SportsCar Championship- სა და GT World Challenge Europe-ს.
მიუხედავად ამისა, ვან მეელი აღიარებს, რომ F1 შესანიშნავი შესაძლებლობაა მარკეტინგისთვის, რადგან თითოეული რბოლა მილიონობით მაყურებელს იზიდავს.
„ფორმულა 1 მარკეტინგული გადმოსახედიდან შესანიშნავი რამეა, რადგან თუ ყურადღებით დააკვირდებით, აუდიტორიასთან წვდომის კუთხით ეს ყველაზე დიდი სარბოლო ღონისძიებაა. ამიტომ, მარკეტინგულად F1 ჩვენთვის მომგებიანი იქნებოდა, თუმცა ტექნოლოგიური გადმოსახედიდან, ვერ ვხედავთ იმ მიზნების მიღწევის პერსპექტივას, რომელიც ამჟამად გვაქვს, ამიტომ ჩართვას არ ვგეგმავთ", — განაცახადა აღმასრულებელმა დირექტორმა.