სადილერო, თაღლითობა, ავტომობილების რეგისტრაცია
Aa
Aa

„მოჩვენება“ ავტომობილების სკანდალი საფრანგეთში | როგორ აღმოჩნდა გზებზე მილიონი უკანონო მანქანა?

სახელმწიფო აუდიტმა საფრანგეთში მილიონი უკანონოდ რეგისტრირებული ავტომობილი გამოავლინა, რომლებიც ერთ კონკრეტულ თაღლითურ სქემას უკავშირდებიან. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ სქემით ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიას მილიონობით ევროს ზარალი მიადგა, საქმის გამოძიება კი გრძელდება.

აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, თაღლითობა 2017 წლით თარიღდება. მაშინ სახელმწიფომ სისტემის ნაწილობრივი პრივატიზაციის გადაწყვეტილება მიიღო, რათა ავტომობილების მყიდველთათვის რეგისტრაციის დოკუმენტების მიწოდების საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი დაეჩქარებინა. ახალი დავალებების შესასრულებლად 2 000-მდე პირი დაინიშნა, ავტოდილერებს კი რეესტრში შესვლის უფლებაც მისცეს, რათა თავიანთი კლიენტებისთვის დოკუმენტაციის გაცემა შეძლებოდათ.

თუმცა, აუდიტის დოკუმენტაციით თუ ვიმსჯელებთ, ეს სისტემა ზედმეტად — და შეცდომითაც კი — კეთილსინდისიერებას ეყრდნობოდა. რეალურად კი, ეს შესაძლებლობა ასობით არაკეთილსინდისიერმა ოპერატორმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. მათ ე.წ. „მოჩვენებითი“ სადილეროებიც კი დააარსეს და შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ.

აუდიტის დასკვნით, ამ პერიოდში დაახლოებით 300-მა ფიქტიურმა კომპანიამ, რომლებიც სახელმწიფო კონტროლისგან სრულიად თავისუფლად მოქმედებდნენ, დაახლოებით მილიონი მანქანა უკანონოდ დაარეგისტრირა. ამ ავტომობილების მძღოლების მიერ სამართალდამცველებისთვის წარდგენილი დოკუმენტები კი კანონიერის იდენტური იყო, რაც მათ შემდგომ გართულებებსაც თავიდან არიდებდა.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი შეძენისას?

მანქანები ყალბი კომპანიების მეშვეობით იყო დარეგისტრირებული და რეალური მფლობელი სისტემაში ვერ იძებნებოდა. გამომდინარე აქედან, გაიზარდა ის ფინანსური ზარალიც, რომელიც სახელმწიფოს ამ თაღლითობის სქემით მიადგა. საუბარი მხოლოდ რეგისტრაციის საფასურზე არ არის; აღნიშნულში შედიოდა ჯარიმებიც, რომლებიც რეალურ მფლობელებამდე ვერ აღწევდა.

„მხოლოდ 2022-2024 წლების ჭრილში აღნიშნული თაღლითობით მიყენებულმა ფინანსურმა ზარალმა 550 მილიონი ევრო შეადგინა. ამ თანხაში შედის რეგისტრაციის საფასური, ასევე სიჩქარის გადაჭარბებისა და არასწორი პარკირების გამო დაწესებული ჯარიმები“, — ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში ჯამში თაღლითობასთან დაკავშირებული 30 სხვადასხვა სახის დანაშაულია ჩამოთვლილი: დაწყებული ეკოლოგიური გადასახადების თავიდან არიდებით, დასრულებული — ტექნიკური შემოწმების შედეგების შეცვლითა და წინა მფლობელების ვინაობის დამალვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები