სუპერქარი უგზოობისთვის — Lamborghini Sterrato-ს იდეას ისევ შეუტევს
როგორც ჩანს, Lamborghini-ს Sterrato-ს იდეა თავიდან არასდროს ამოუგდია — Huracan-ის დაკუნთული, რალის სტილის ბრუტალური ვარიანტი მომხმარებელს ძალიან მოსწონდა და კომპანიაც გვანიშნებს, რომ მომავალში, შესაძლოა, რაღაც ასეთი დააბრუნოს. თუ ეს მართლაც მოხდება, ანალოგიურ ცვლილებებს უკვე Temerario-ს პლატფორმაზე ვიხილავთ და არა უკვე გაუქმებულ V10 პლატფორმაზე. 
როცა 2023 წელს იტალიურმა ავტომწარმოებელმა Sterrato წარადგინა, მოდელმა ყველაში გაორებული სიმპათია გამოიწვია — სუპერქარი დიდი ბორბლებითა და უგზოობის პრეტენზიებით, იტალიური ბრენდის შუაძრავიანი საწარმოო ხაზისთვის უცნაური მოვლენა იყო. თითქოს, Lamborghini-მ წარსულში დაბრუნება გადაწყვიტა, როცა ხარები მხოლოდ ტრაქტორებს აწარმოებდნენ... ფორმულამ იმუშავა — მყიდველებს პროტოტიპი ძალიან მოეწონათ.
ასევე იხილეთ: ტყვე, რომელმაც Lamborghini შექმნა
„Sterrato-ს წარმატება გლობალური იყო და ჩემთვის ძალიან ძვირფასი, რადგან ეს იყო რაღაც, რისი გაკეთებაც ყოველთვის მინდოდა, ათი წლის წინაც კი“, — განუცხადა CarExpert-ს Lamborghini-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შტეფან ვინკელმანმა.
აღმასრულებელმა დირექტორმა კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ახალ Sterrato-ს, განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე ბრენდი Temerario-ს სხვა ვერსიებზე მუშაობს.
„ეს ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გვაქვს რესურსი. ამ ეტაპზე, პრიორიტეტი ღია, დახურული და პერფორმანსზე ორიენტირებული ვერსიების გამოშვებაა — Huracan-ის სიცოცხლის ბოლო ეტაპზე ჩვენ Sterrato გავაკეთეთ, რაც ძალიან კარგი და წარმატებული იყო... შესაბამისად, ვნახოთ, ეს დღევანდელი დღის გეგმა არ არის, თუმცა არასოდეს თქვათ არასდროს...“, — განაცხადა ვინკელმანმა.
Temerario ჯერ 2 წლისაც არ არის, ამიტომ ახალი Sterrato, ალბათ, ჯერ შორს არის... თუმცა, დიდი ალბათობით, ის ადრე თუ გვიან, მაინც გამოვა.