მადრიდის რეალი, კრიშტიანუ რონალდუ, ბიემვი იქსემი, კილიან მბაპე, პარი სენ-ჟერმენი, ფერარი 488 პისტა, ფერარი 458
Aa
Aa

კილიან მბაპემ მანქანის მართვა არ იცის, თუმცა ექსკლუზიური მოდელების კოლექციას ფლობს

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი და „მადრიდის რეალის“ მოქმედი ფეხბურთელი, კილიან მბაპე 25 წლისაა, თუმცა მართვის მოწმობას ჯერ კიდევ არ ფლობს. რეალურად, საფრანგეთშიც და ესპანეთშიც, პირს მანქანის მართვის უფლება 18 წლის ასაკიდან აქვს, თუმცა როგორც ჩანს, თანამედროვეობის ერთ-ერთმა წარმატებულმა ფეხბურთელმა, ლიცენზიის ასაღებად დრო ვერ გამონახა და მგზავრობასაც, თავისი მდიდრული მანქანების უკანა სავარძელზე სჯერდება.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მართვა თავად არ იცის, მბაპე ძვირად ღირებულ ავტომობილებზე უარს მაინც არ ამბობს. თუმცა, მის მეტოქეებთან შედარებით, „მადრიდის რეალის“ ვარსკვლავის ავტოფარეხი მაინც შედარებით მოკრძალებულია - თუმცა, ალბათ მხოლოდ რაოდენობრივად. მბაპეს კოლექციაშია რამდენიმე მდიდრული Ferrari და ასევე BMW-ის დამუხტვადი ჰიბრიდული SUV, რომელიც მას ესპანური კლუბისა და ბავარიული ავტომწარმოებლის პარტნიორობის ფარგლებში გადაეცა.

როგორც რამდენიმე ფრანგულმა მედიამ დაადასტურა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი, რომელიც მბაპეს ავტოფარეხში ინახება Ferrari 488 Pista-ა. ეს უკანასკნელი იტალიური ბრენდის ლიმიტირებული მოდელია, რომლის შეძენის შესაძლებლობაც მხოლოდ სპეციალურად შერჩეულ მომხმარებლებს ჰქონდათ. მისი ფასი კი, ნახევარ მილიონ დოლარს აღწევს.

Prancing Horse-ის ბრენდის ეს მოდელი ძლევამოსილი V8 ძრავითაა აღჭურვილი, 720 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.85 წამში ჩქარდება. მაქსიმალურ სიჩქარეს, Ferrari 488 Pista 340 კმ/სთ-ზე აღწევს.

საფრანგეთიდან ადასტურებენ, რომ მბაპეს ავტოფარეხში იტალიური ბრენდის კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელია წარმოდგენილი. ეს Ferrari 458-ია, რომლის ფასიც დაახლოებით 300 000 დოლარია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ამ მოდელში ალბათ ისაა, რომ მისი დიზაინის შექმნაში თავად მიხაელ შუმახერი მონაწილეობდა.

ცნობისთვის, ეს შუაძრავიანი მოდელი 2009-დან 2015 წლამდე იწარმოებოდა და ორ ვერსიად იყო შეთავაზებული: კუპე და კაბრიოლეტი. 4.5-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვილი Ferrari 570 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 0-დან 100-მდე 3.4 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 325 კმ/სთ-ზე აღწევს.

„მადრიდის რეალში“ გადასვლის შემდეგ კი, კილიანს BMW XM გადაეცა. ავტომობილი 653 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 180 000 ევროდაა შეფასებული. ცნობისთვის, ზუსტად მსგავსი მოდელი ჰყავს მბაპეს კუმირს, კრიშტიანუ რონალდუს. პორტუგალიელმაც ის საჩუქრად BMW-ისგან მიიღო. თუმცა კრიშტიანუს მოდელი BMW XM-ის ტოპ-ვერსიაა – Red Label. ავტომწარმოებლის ექსკლუზიური მოდელი BMW-ის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მანქანაა და 748 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ტრასაზე მის ამოცნობას კი, წითელი ჩარჩოს მქონე ცხაურა და უფრო გამოკვეთილი, შავი ფერის მქრქალი დიზაინი გაგიმარტივებთ.

 

მსგავსი სიახლეები