ილონ მასკი, ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა მოდელ უაი, ტესლა საიბერთრაქი
Aa
Aa

Tesla Cybertruck-ისა და Model Y-ის წარმოებას აჩერებს | მიზეზი გაყიდვების ვარდნა არაა

ამერიკული Tesla, წლების განმავლობაში, ელექტრომობილების ინდუსტრიაში წამყვანი კომპანიის სტატუს ინარჩუნებდა. თუმცა ბოლო პერიოდში პრობლემები EV-ების გიგანტსაც შეექმნა, მათ შორის კი გაზრდილი კონკურენცია, რომელიც განსაკუთრებით ჩინეთის მზარდი ელექტრომობილების ბაზრიდან მოდის. კონკურენციისა და გაყიდვების ვარდნის მიუხედავადაც, ეს სულაც არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ Tesla-ს, ტეხასის ქარხანაში, მისი მოდელების, Model Y-ისა და Cybertruck-ის წარმოება შეეჩერებინა. ამ გადაწყვეტილების უკან, სულ სხვა თემა დგას.

უახლესი ანგარიშის თანახმად, ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მდებარე ქარხნის თანამშრომლებს წარმოების შეჩერებაზე Tesla-მ ცოტა ხნის წინ აცნობა. გზავნილის თანახმად, წარმოება 30 ივნისს შეჩერდებოდა და მომდევნო კვირაში განახლდებოდა. ეს პაუზა კომპანიას წარმოების ხაზებზე ტექნიკური მომსახურების ჩატარებისა და წარმოების ზრდის ტემპის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.

როგორც Business Insider-ი აღნიშნავს, განახლებებისთვის წარმოების დროებით შეჩერება საავტომობილო ინდუსტრიაში გავრცელებული პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი შოკისმომგვრელი სულაც არაა, მან ბაზარზე იმდენად იმოქმედა, რომ Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 4%-ით დაეცა.

Model Y ცოტა ხნის წინ განახლდა და შესაძლოა კომპანიას სურს დარწმუნდეს, არის თუ არ მზად წარმოების გასაზრდელად. მაგრამ Cybertruck-ი? Tesla-ს ელექტროპიკაპის გეგმები, ალბათ, ისეთი ამბიციური აღარაა, როგორც წარსულში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკულმა კომპანიამ მის მიერ დასახულ თითქმის ვერცერთ გეგმას ვერ მიაღწია. გამომდინარე აქედან, ამ განახლების შემდეგ, Model Y-ის წარმოების ზრდა მოსალოდნელია, რასაც Cybertruck-ზე დარწმუნებით ვერ ვიტყვით. ყოველ შემთხვევაში, ახლა.

მსგავსი სიახლეები