რატომ ეშინია ისრაელს ელექტრომობილებით დატვირთული პორტის?
ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება კვირაზე მეტია რაც გრძელდება. ამას დაერთო გასულ შაბათ-კვირას აშშ-ის ჩართულობა და ბომბდამშენების გაგზავნა, რის საპასუხოდაც ირანმა კატარში მდებარე აშშ-ის ბაზის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა მოხდება მომავალში.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო თავდასხმის მოლოდინში, ისრაელის საზღვაო და პორტების ადმინისტრაციამ ქვეყნის საზღვაო პორტებიდან ელექტრომობილების ევაკუაციის ბრძანება გასცა. ადმინისტრაციის ცნობით, ხელისუფლებას ელექტრომობილების გაყვანა ყველა მნიშვნელოვანი პორტიდან სურს. სავარაუდოდ, მანქანებს ცარიელ ავტოსადგომზე, კრიტიკული ინფრასტრუქტურისგან მოშორებით გადაიტანენ.
View this post on Instagram
ჰაიფას პორტის ცნობით, ყოველწლიურად თითქმის 20 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა ხდება, რაც მას მიმზიდველ სამიზნედ აქცევს მოწინააღმდეგე მხარისთვის. ხელისუფლება შეშფოთებულია, რადგან ირანული რაკეტები შესაძლოა სწორედ ელექტრომობილებს მოხვდეს და ხანძრის მიზეზად იქცეს. ელექტრომობილების ხანძრის ჩაქრობა კი, ყველასათვის ცნობილია, თუ რამხელა ძალისხმევას და ხშირად, დროსაც საჭიროებს.
ეს წესით, ყველაზე ცუდი სცენარია, თუმცა ოფიციალური პირები თავის დაზღვევაზე ფიქრობენ, რაც საკმაოდ სწორი და ჭკვიანური მიდგომაა. განსაკუთრებით კი დროს, როდესაც დამატებითი პრობლემები არავის სჭირდება.