ავარია, ფორდი, შევროლეტი, შევროლეტი კორვეტი, ფორდ მუსტანგი, შევროლეტი კორვეტი სი8, ფორდ მუსტანგი ეს550
Aa
Aa

Mustang-ი ორ მანქანას შეეჯახა, Corvette გაიქცა | ვიდეო

კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ ქალაქში ვიდეოკამერებმა C8 Chevrolet Corvette-ისა და S550 Ford Mustang-ის ავარიის კადრები დააფიქსირეს. საპატრულო განყოფილებისთვის მიწოდებულ მასალაში შავი Mustang-ისა და ვერცხლისფერი Corvette ჩანს, რომლებიც გზაჯვარედინს დაშვებულზე მაღალი სიჩქარით უახლოვდებიან. შედეგად, ერთ-ერთი მათგანი შუქნიშანზე გაჩერებულ Nissan-ს ეჯახება.

როგორც კადრებიდან ჩანს, Mustang-ის მძღოლი მოხვევას იწყებს, თუმცა მანქანას არასაკმარისად აბრუნებს და მაღალი სიჩქარით, იქვე გაჩერებულ Nissan-ის სედანს ეჯახება. სხვა მხრიდან გადაღებულ მასალაში კი ჩანს, რომ Mustang-ი Nissan-ის შემდეგ მის უკან მდგომ შავი ფერის Chevy-საც ეჯახება და მხოლოდ შემდეგ ახერხებს გაჩერებას.

რაც შეეხება Corvette-ს, ის მოძრაობას სწორ გზაზე, შეუფერხებლად აგრძელებს. მომხდარიდან მალევე, პოლიციამ Mustang-ის 22 წლის მძღოლი აიყვანა. Vette-ის მძღოლის პოვნა კი, მხოლოდ მომდევნო კვირას მოახერხა. ამ უკანასკნელს Corvette 30 დღით ჩამოართვეს.

გამომძიებლების ვარაუდით, Mustang-ი მოსახვევში სახიფათოდ მაღალი სიჩქარით შევიდა, რამაც საჭის დამორჩილება გაართულა. ამასთან ერთად, მოსახვევამდე ცოტა ხნით ადრე, მანქანა გზის პირას არსებულ ბორცვსაც შეეჯახა, რამაც, სავარაუდოდ, S550-ის წონასწორობა კიდევ უფრო დაარღვია. ძალიან მაღალი სიჩქარისა და არასაკმარისი მოჭიდების გამო, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილებს შეეჯახა.

 

მსგავსი სიახლეები