მფრინავი Dodge Charger-ისთვის ლეგენდარული ნახტომი კრახით დასრულდა
The Dukes of Hazzard-ი ორმოცი წლის წინ დასრულდა. თუმცა სტაფილოსფერი General Lee - იგივე Dodge Charger - მის გულშემატკივრებს კვლავ კარგად ახსოვთ. წლების შემდეგ, ასეულობით ადამიანი კენტუკის შტატში შეიკრიბა, რათა სერიალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენის - ლეგენდარული ნახტომის - გაცოცხლებისთვის თვალი ედევნებინათ.
თუმცა ტრიუკი, მიუხედავად მაღალი მოლოდინებისა, კრახით დასრულდა.
დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ მანქანა, რომელიც ვიზუალურად 1969 წლის Dodge Charger-ის ასლს ჰგავდა, სინამდვილეში Ford Crown Victoria-ს მოდიფიცირებული ვერსია იყო. ის სპეციალურად შეღებეს და მოამზადეს 45-მეტრიანი ნახტომისთვის. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო: მანქანა 45 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და შადრევნის ლურჯად შეღებილ წყალშიც შევარდა, თუმცა.... დაშვება ნამდვილი ფიასკო იყო. ეს კრახი კი, სხვადასხვა მხრიდან მყოფმა გულშემატკივრებმა, საკუთარი კამერების საშუალებით კარგად დააფიქსირეს.
სატელევიზიო შოუსგან განსხვავებით, რომელიც ავარიული დაშვების დროს წყდება ხოლმე, ამ ვიდეოებში ყველაფერი იდეალურად ჩანს. მანქანა ძლიერად დაეშვა, ოდნავ გადაუხვია მარშრუტს, ბარიერები გაარღვია და ლამის, იქვე მყოფ ოპერატორსაც დაეჯახა. შეჯახებისას მანქანის დაკიდების სისტემა დაზიანდა, შედეგად მძღოლმა მისი დამორჩილებაც ვეღარ შეძლო და უმისამართოდ, ოპერატორის მიმართულებით განაგრძო მოძრაობა, რომელიც ამ დროს საკუთარი აპარატურის გადარჩენას ცდილობდა.
ამ შემთხვევამ ბევრს The Dukes of Hazzard-თან დაკავშირებული უბედური შემთხვევა გაახსენა. ფილმის გადაღებისას ოპერატორი როდნი მიტჩელი დაიღუპა, რომლის გადამღები მანქანაც გზაზე გადატრიალდა. თუმცა ამ შემთხვევაში, საბედნიეროდ, ოპერატორმა დროულად მოახერხა გზიდან გადახტომა და არავინ დაშავებულა.