ტოიოტა, ნისანი, სუბარუ, მაზდა, სუფთა საწვავი, მომავლის საწვავი
Aa
Aa

იაპონელების რევოლუცია: ბალახისა და ქაღალდისგან დამზადებული სუფთა საწვავი

წლებია საავტომობილო ინდუსტრია გამონაბოლქვის შემცირების გზებს იკლევს. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ელექტროძრავებია, თუმცა ბევრიც, ამ გაბატონებულ მოსაზრებას ეწინააღმდეგება. მაშინ, როდესაც კომპანიების ნაწილი EV-ებზე გადასვლას ცდილობს, იაპონური ავტომწარმოებლების ჯგუფი, მათ შორის Nissan, Mazda, Subaru და Toyota სრულიად განსხვავებულ მიდგომას ირჩევს.

ნავთობის გიგანტ ENEOS-თან პარტნიორობით, ისინი უკვე მუშაობენ ნახშირბადის დაბალი შემცველობის ბენზინის ალტერნატივაზე, რომელსაც სავარაუდოდ იაპონური Super Taikyu-ს სარბოლო სერიის ST-Q კლასში გამოიყენებენ. დროთა განმავლობაში, იგივე სახის საწვავი შეიძლება ყოველდღიური გამოყენებისთვისაც გამოსადეგი იყოს.

ეს საწვავი მცენარეული წარმოშობის ბიოეთანოლის ნაზავია, რომელიც ჩვეულებრივ ბენზინთან არის შერეული. შესაძლოა აღნიშნული ნივთიერება ეთანოლისა და ბენზინის ტიპურ ნაზავს, მაგალითად E85-ს, ჰგავდეს (რომელიც უკვე წლებია არსებობს), თუმცა რეალურად იაპონური ავტომწარმოებლები რადიკალურად განსხვავებულ პროექტზე მუშაობენ.

ჩვეულებრივ ეთანოლის წარმოებისთვის სიმინდის ან შაქრის ლერწმის მსგავსი კულტურები გამოიყენება. ამის ნაცვლად ENEOS-ს სურს საწვავი არასაკვები ბიომასისგან შექმნას. ENEOS იკვლევს ისეთ წყაროებს, როგორიცაა ხე, ბალახი და გადამუშავებული ქაღალდი, რათა შექმნას ეთანოლი, რომლის შერევაც შემდეგ ბენზინთან იქნება შესაძლებელი. ამ დაბალნახშირბადიან საწვავზე მომუშავე მანქანები პირველად Super Taikyu Series-ზე გამოჩნდებიან.

„ჩვენ გლობალური კონსენსუსისკენ მივდივართ და ვთანხმდებით, რომ მიზნის მიღწევაში BEV-ები და წყალბადის საწვავის ელემენტების მქონე ავტომობილები (FCEV) დიდ წვლილს შეიტანენ. თუმცა HEV-ები და შიგა წვის ძრავის (ICE) მქონე ავტომობილები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას CO2-ის გამონაბოლქვის შესამცირებლად“, -  განაცხადა ENEOS-ის მთავარმა ტექნოლოგიურმა ოფიცერმა იუიჩირო ფუძიამამ.

რაც შეეხება ახალ პროექტში ჩართულ იაპონურ ავტომწარმოებლებს, ისინი, რა თქმა უნდა, თავის მხრივ ელექტრომობილების განვითარებაზეც მუშაობენ. თუმცა მათი გათვლებით, ავტომობილები მომხმარებლებისთვის მეტად მიმზიდველი პროდუქტებია, რის გამოც აუცილებელია, რომ საზოგადოებას მრავალფეროვნება (ეკოლოგიურ ჩარჩოებში) შეუნარჩუნდეს.

 

მსგავსი სიახლეები