უიშვიათეს Lamborghini Miura-ს მფლობელი ათწლეულები მისაღებ ოთახში მალავდა
თითქმის ექვსი ათწლეულის წინ შემდგარი დებიუტით, Lamborghini Miura-მ არამხოლოდ ყველას ყურადღება მიიპყრო, არამედ ხელახლაც განსაზღვრა, თუ როგორი უნდა იყოს სუპერქარი. V12-ძრავიანი ფლაგმანი მალევე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავტომობილადაც იქცა.
შესაბამისად, გაიზარდა მისი ღირებულებაც. თუმცა ერთმა ნიუ-იორკელმა მფლობელმა გადაწყვიტა თავისი Miura მისაღებ ოთახში მინიმუმ 40 წელი შეენახა. ახლა კი, როგორც ჩანს, მისი გამოჩენის დროც დადგა.
ამ ფარული საგანძურის ისტორია Discovery Channel-ის გადაცემა Extreme Detailing-ის ერთ-ერთ ეპიზოდში გაჟღერდა. როდესაც გადაცემის წამყვანები სუპერქარის მფლობელს ესტუმრნენ, მათ Miura ავეჯს შორის „დაპარკინგებული“ აღმოაჩინეს. ეს მოდელი Lamborghini Miura P400 S გამოდგა, რომელიც Luchi Del Bosco-ით იყო გაფორმებული და მხოლოდ სამ Series II-ის ეგზემპლარში გვხვდებოდა.
ავტომობილის ავთენტურობა კი, ძარისა და ძრავის ნომრების შესაბამისობამ დაადასტურა. მისაღები ოთახიდან მანქანის გამოყვანისას კედლის დანგრევა გახდა საჭირო. ეს კედელი მას ავტოფარეხისგან ჰყოფდა. თუმცა რაც მთავარია, ოთახში კლიმატ-კონტროლისთვის მანქანას ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი.
მიუხედავად იმისა, რომ Miura S ათწლეულების განმავლობაში უძრავად იდგა, როგორც ჩანს, ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მაგრამ გზებზე დასაბრუნებლად რესტავრაცია საჭირო იქნება. ვიდეოდან ირკვევა, რომ Miura $1.2 მილიონად გაიყიდა. გაყიდვის შემდეგ, Miura გადამზიდავ მანქანაზე და უსაფრთხო საწყობში გადაიტანეს, სადაც ახალ მფლობელს გადაეცა.