McLaren-ი პირველ ელექტრო სუპერქარს მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის უშვებს?
მომავალ წელს, Ferrari ბიზნესის ახალი მიმართულებით გაფართოებას და ელექტრო სუპერქარის, ELETTRICA-ს წარდგენას გეგმავს. იტალიური კონკურენტის საპასუხოდ, ბევრი თვლის, რომ იმავეს მალევე McLaren-ი გააკეთებს. თუმცა თავად ავტომწარმოებელი ამას არ ადასტურებს და უფრო მეტიც, კომპანიის ახლად დანიშნული აღმასრულებელი, ნიკ კოლინზი იმასაც ამბობს, რომ პირველი EV-ი ჰორიზონტზე არც კი ჩანს.
კოლინზმა, McLaren-ის ახალი CEO-ს თანამდებობა წელს დაიკავა. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, McLaren-ი შიგა წვისა და ჰიბრიდული ძრავების შენარჩუნებას კიდევ „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში“ გეგმავს. კოლინზის თქმით, ასეთ ავტომობილებს კომპანია თავის მთავარ ვარიანტებად განიხილავს.
ასევე, კომპანია არც თავის საკულტო, 4-ლიტრიანი ბიტურბო V8 ძრავაზე უარის თქმას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ Artura-ს ძლიერი კონკურენტი ჰყავს - ახალი 3-ლიტრიანი V6 ძრავის სახით. კოლინზის განცხადებით, McLaren-მა ცოტა ხნის წინ თავისი ფლაგმანური V8 ძრავის სიმძლავრე ლიტრზე 229.6 ცხენის ძალამდე გაზარდა - ეს მნიშვნელოვანი ზრდაა 750S-ის 185.3 ცხენის ძალასთან შედარებით. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ამ ძრავას მომავალში სხვა დანიშნულებაც ექნება, თუმცა რა, ეს კოლინზს არ დაუკონკრეტებია.
McLaren-ი ელექტრიფიკაციას არ ჩქარობს, თუმცა ბოლომდე, EV-ების წარმოებაზე უარი ნამდვილად არ უთქვამს. კოლინზმა აღიარა, რომ თუ McLaren-ი ელექტრომობილს გამოუშვებს, ის, სავარაუდოდ, კონკრეტული ბაზრით შემოიფარგლება, მაგალითად, ჩინეთით. ეს ლოგიკურია, რადგან ჩინეთი ელექტრომობილების უდიდესი ბაზარია.