ყველაზე გაყიდვადი მოდელები ჩინურ ბაზარზე 2025 წელს | Tesla Model Y-მა გვირგვინი დაკარგა
ევროპული და ამერიკული საავტომობილო ბაზრების ტენდენციების შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება, რაც ზოგჯერ ჩინური ბაზრის ჩრდილქვეშ დარჩენას იწვევს — არადა, ამ ბაზრის დინამიკაც ძალიან საინტერესოა და ბევრი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა.
მაგალითად, ახალმა სრულად ელექტრო მცირე კომპაქტურმა ავტომობილმა ჩინურ ბაზარზე გასულ წელს სრული სენსაცია დაატრიალა, თანაც ისე, რომ არც Tesla-ს მოდელია და არც BYD-ს. საუბარია Geely Galaxy Xingyuan-ზე, სრულად ელექტრო ჰეჩბექზე, რომელიც 2025 წელს ქვეყნის ყველაზე გაყიდვადი სატრანსპორტო საშუალება გახდა — მასზე არჩევანი 465 775-მა მძღოლმა შეაჩერა. 
საექსპორტო ბაზრებზე EX2-ად ცნობილი Galaxy Xingyuan-ი, რომელიც სიგრძეში, სულ რაღაც, 4.135 მეტრია, ჩინურმა ავტომწარმოებელმა 2024 წელს წარადგინა. ეს კომპაქტია, რომლისთვისაც სეგმენტში მთავარი კონკურენტები BYD Dolphin-ი, Wuling Bingo და Aion UT არიან.
ეს მარტივი დიზაინის მქონე ელექტრომობილი საკმაოდ მრავალფუნქციური ინტერიერით გამოირჩევა და მისი ფასიც ძალიან ხელმისაწვდომია — ახალი EX2-ის შეძენას ჩინეთში, დაახლოებით, 9500-დან 13800$-მდე შუალედში შეძლებთ (დამოკიდებულია კომპლექტაციაზე).
მეორე ადგილი SAIC-GM-Wuling-ის მოდელმა დაიკავა. Wuling Hongguang Mini EV 435 599-მა ადამიანმა შეიძინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 82%-იანი ზრდა იყო.
Tesla Model Y, რომელიც 2023-2024 წლებში ბაზარზე დომინირებდა, 2025 წელს მე-3 ადგილამდე ჩამოქვეითდა. მიუხედავად ამისა, შემცირება სულ 11.5%-იანი იყო და გაყიდული ერთეულების რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია — 425 337. 
მე-4 ადგილზე BYD-ის სედანი Qin Plus გავიდა, რომელზეც არჩევანი 387 315-მა მძღოლმა შეაჩერა. ამ მოდელის პოპულარობის მიზეზი მისი არჩევანია. მსურველებს შეუძლიათ, შეიძინონ სრულად ელექტრო ან დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსიები. Qin Plus 2023 და 2024 წლებში მე-2 ადგილს იკავებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მომხმარებლის სტანდარტები შეიცვალა.
მე-5 ადგილს Nissan Sylphy (აშშ-ში Sentra) იკავებს, რომელიც 320 000-მა მომხმარებელმა იყიდა. 2020-2022 წლებში ბაზრის მეფე სწორედ ეს მოდელი იყო, თუმცა გვირგვინი მას Model Y-მა ჩამოართვა. მიუხედავად ამისა, Sylphy ქვეყნის ყველაზე გაყიდვად შიგაწვისძრავიან ავტომობილად მაინც რჩება. 
ტოპ 10-ში კიდევ ერთი გამორჩეული მოდელი კი Xiaomi SU7 იყო — სედანი, რომელმაც პირდაპირი კონკურენტი, Tesla Model 3 გაყიდვებში დაამარცხა და 258 164 ერთეულად გაიყიდა.
რაც შეეხება ავტომწარმოებლების ზოგად სტატისტიკას, ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ყველაზე წარმატებული ჩინური კომპანია BYD გახდა, რომელმაც 2025 წელს 3 484 525 ავტომობილი გაყიდა. მე-2 ადგილს კი Geely დაეუფლა 2 605 565 გაყიდული ერთეულით.
ერთი სიტყვით, ავტომობილების ჩინური ბაზარი ამ მომენტში ყვავის და მისთვის თვალის მიდევნება ამ სფეროს მოყვარულებისთვის აუცილებელია.