Mercedes-ს 140 წლის იუბილე Porsche-მ და BMW-მ ერთმანეთისგან განსხვავებულად მიულოცეს
1886 წლის 29 იანვარს კარლ ბენცმა Motorwagen-ზე პატენტი აიღო — ეს გამოგონება იყო, რომელმაც თანამედროვე სამყარო რადიკალურად შეცვალა. ავტომობილის, ანუ, ტექნიკურად Mercedes-Benz-ის დაბადების 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Porsche-მ კონკურენცია გვერდით გადადო და მერსედესს Instagram-ზე ძალიან გულთბილი პოსტი მიუძღვნა, რომელშიც კომპანიების საერთო წარსული მიმოიხილა.
სანამ პორშეს წერილს გაგაცნობთ, შეგიძლიათ ჩვენი ვიდეო იხილოთ CrystalAuto-ს Youtube გვერდზე, რომელშიც მერსედესის ისტორიის შესახებ მოგითხრობთ:
ახლა კი საქმეს დავუბრუნდეთ...
„ძვირფასო მერსედეს, ჩვენ არამხოლოდ მიზანსწრაფულობა, არამედ ჩვენი დამფუძნებლების შორსმჭვრეტელობა და მშობლიური ქალაქიც გვაერთიანებს. ჩვენ ვიზიარებთ ავტოსპორტის სიყვარულს, ვიზიარებთ საუკეთესო რბოლებში გამარჯვების გრძნობას, ვიზიარებთ დაბრკოლებებსა და საერთო მეგობრებს... მეტიც, ჩვენ ლეგენდარული E 500 გვაერთიანებს, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაერთიანებს რწმენა, რომ ავტომობილი არამხოლოდ ჩვენი სხეულის, არამედ გულის გადასაადგილებლადაც არსებობს. გილოცავთ 140 წლის იუბილეს", — ვკითხულობთ Porsche-ს პოსტში.
კომპანიას მიულოცა სხვა არაერთმა ავტომწარმოებელმაც: Audi-მ, Cadillac-მა, Volvo-მ, Xiaomi-მ, Nio-მ, XPeng-მა, Geely-მ და Li Auto-მ, თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად BMW-ს მილოცვა გვაინტერესებს, რომელმაც იმედები არ გაგვიცრუა და მეგობრული კონკურენცია მაინც არ დაივიწყა.
View this post on Instagram
BMW-ს ინსტაგრამ პოსტში სამფოტოიან კოლაჟს ვხედავთ — პირველზე კარლ ბენცია გამოსახული, წარწერით „საბედნიეროდ, კარლ ბენცმა ავტომობილი გამოიგონა", მეორე ფოტოზე კი გრძელდება — „რათა ჩვენ მართვით გამოწვეული სიამოვნება შეგვექმნა“. მე-3 ფოტოზე კი BMW-ს ახალ iX3-ს ვხედავთ, რომლის თავზეც გამოსახულია წარწერა — „გილოცავთ დაბადების დღეს, Mercedes-Benz“.
View this post on Instagram
ერთი სიტყვით, არ აქვს მნიშვნელობა, საით წავა საავტომობილო სამყარო — ელექტრომობილებისკენ თუ შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისკენ, თუმცა ერთი რამე, საბედნიეროდ, ნამდვილად არასდროს შეიცვლება: Mercedes-ისა და BMW-ს პაექრობა, რომელიც ორი ჯიუტი ბავშვის კინკლაობას წააგავს.