ახალი Bentley Continental GT S | ძველებურად სწრაფი, მძლავრი და ელეგანტური
Bentley-მ მცირე ხნის წინ Supersports-ის შეზღუდული გამოშვება წარადგინა, ამჯერად კი Continental GT და GTC S-ი გამოაჩინა.
ენთუზიასტების გულების გასახარებლად შექმნილი ავტომობილი მაღალი პერფორმანსის 4-ლიტრიანი V8 ძრავითა და ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც კომბინირებულად 671ცხ.ძ-სა და 930 ნიუტონს გამოიმუშავებს. დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემა საშუალებას აძლევს ავტომობილს, რომ 100კმ/სთ-მდე სიჩქარე, სულ რაღაც, 3.3 წამში განავითაროს — მაქსიმალური სიჩქარე კი 306 კმ/სთ-ს შეადგენს. ეს ძალიან შთამბეჭდავი რიცხვებია, თუმცა ყველაფერი არ არის — მხოლოდ ელექტრული მუხტით პრემიუმ კლასის მოდელი 80კმ-ს გაივლის. 
გარდა სისწრაფისა, ახალი S ხაზი აღჭურვილია აქტიური შასის სისტემა Bentley Performance-ით, რომელიც GT Speed-იდან და GT Mulliner-იდან „ისესხეს“. ასევე, GTC S-ში შეხვდებით მაღალტექნოლოგიურ დაკიდებასა და გაუმჯობესებულ ამორტიზატორებს სტაბილიზაციის აქტიური სისტემით.
გარდა ამისა, მოდელებს ახალი თაობის მდგრადობის ელექტრონული კონტროლი, ელექტრონული თვითბლოკირებადი დიფერენციალი და ყველა თვლის მართვის მქონე საჭის მექანიზმი ექნებათ. ყველა ჩამოთვლილი ფუნქცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ Continental GT S ამიერიდან მძღლისთვის ბევრად კომფორტული ავტომობილი იქნება. 

S-ს გამოარჩევს ცვლილებები მის დიზაინშიც. კერძოდ, ის Blackline Specification-ითაა აღჭურვილი, რომელიც ცხაურის შავ ჩანართებს, შავ ემბლემებსა და გამოკვეთილ წინა ბამპერის სპოილერს მოიცავს. ამას ემატება სპორტული გვერდითი გარსშემომდენი, დიფუზორი და ფანჯრების შავი კორპუსები. აღსანიშნავია ვერცხლისფერი, 22-დუიმიანი დისკები და ნამუშევარი აირების გამოშვების სპორტული სისტემაც.
ბრიტანულ ავტომწარმოებელს ინტერიერის სურათები არ გამოუქვეყნებია, თუმცა შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ Bentley ამ მიმართულებით არასდროს დაგაღალატებთ. კომპანიას არ დაუსახელებია ფასიც, თუმცა, სავარაუდოდ, S ამ მიმართულებით ადგილს Azure-სა და Speed-ს შორის დაიკავებს.