უსაფრთხოების პრობლემების გამო, Hyundai ნახევარ მილიონ SUV-ს უკან გაიწვევს
2026 წლის საუკეთესო საოჯახო მანქანის ტიტულის მოპოვების მიუხედავად, Hyundai Palisade ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება. ეროვნული საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია 568 576 ერთეულზე მეტი Palisade-ის უკან გაწვევას გეგმავს. საქმე უსაფრთხოების პრობლემებს ეხება და გამოძიების დასრულებამდე Hyundai-ის სადილეროებიდან ამ მოდელების გაყიდვის შეჩერებასაც ითვალისწინებს.
Hyundai Motor America-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, უკან გაწვევა Palisade-ის 2020-დან 2025 წლამდე გამოშვებულ მოდელებს შეეხება. პოტენციური დეფექტი მესამე რიგის მგზავრებისთვის განკუთვნილ გვერდით ფარდისებრ უსაფრთხოების ბალიშებშია აღმოჩენილი, რომლებიც, შესაძლოა, ავარიის დროს არასწორად გაიხსნას. განცხადების თანახმად, ბალიშები საავტომობილო უსაფრთხოების სტანდარტის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ.

გამოძახების ანგარიშის მიხედვით, ტესტირებების დროს მანეკენის თავი დაშვებულზე მეტად მოძრაობდა, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ბალიშმა, უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, მისი დაცვა ვერ მოახერხა. ეს განსაკუთრებით სერიოზული პრობლემაა ამ მოდელის შემთხვევაში, რადგან ოჯახებისთვის განკუთვნილი ავტომობილის მესამე რიგში, შესაძლოა, ბავშვი იჯდეს, რომლის უსაფრთხოებაც 100%-ით დაცული ვერ იქნება.
შესაძლო დეფექტის არსებობის შესახებ სადილეროებს ინფორმაცია უკვე მიეწოდებათ, ხოლო Palisade-ის მფლობელები შეტყობინებას 2026 წლის 23 მარტამდე მიიღებენ. მსურველებს პირდაპირ Hyundai-ს ოფისთან დაკავშირებაც შეეძლებათ.

არსებული რაოდენობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, გამოძიება აშშ-ში გაყიდულ პირველი თაობის Palisade-ის ყველა მოდელს შეეხება. ოფიციალური მონაცემებით, 2019-დან 2025 წლამდე აშშ-ში Palisade-ის 593 190 ერთეული გაიყიდა, რაც ასევე მოიცავს 2026 წლის ზოგიერთ მოდელსაც.
საინტერესოა, რომ Palisade-ის მოდელის უკან გაწვევა — უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის გამო — ავტომწარმოებელს წარსულშიც მოუწია. მათ შორის: 2025 წლის სექტემბერში უსაფრთხოების ღვედების გაუმართაობის გამო და 2025 წლის მაისში ხანძრის პოტენციური საშიშროების გამო.