Audi-ს ხელმძღვანელი: „ეს, ალბათ, უკანასკნელი ავტომობილია, რომელსაც გამოვუშვებთ“
Audi თავისი არასტანდარტული ხედვითაა ცნობილი და, ალბათ, A2 ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ასევე იყო დრო, როდესაც მსურველებს დიზელზე მომუშავე V12 ძრავით აღჭურვილი Q7-ის შეძენა შეეძლოთ, 5-ცილინდრიანი R8 კი თითქმის რეალობად იქცა. ამ ყველაფრის მიუხედავადაც, არის ავტომობილის ტიპი, რომელსაც Audi, ალბათ, არასდროს ააწყობს, თუმცა გამორიცხული არც ამ შემთხვევაშია არაფერი.
ავსტრალიურ ჟურნალ Drive-თან ინტერვიუში Audi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გერნოტ დიოლნერმა, პიკაპის შექმნის გეგმაზე ისაუბრა: „ვიტყოდი, რომ პიკაპი, ალბათ, ერთ-ერთი უკანასკნელი კონცეფციაა, რომლის წარმოდგენაც Audi-ის სახით შემიძლია. არასდროს თქვა არასდროს, მაგრამ ამ მოცემულობით... ეს უკანასკნელი სეგმენტია, რომლის წარმოდგენაც შემიძლია“.
საინტერესოა, რომ დიოლნერის წინამორბედი ამ საკითხს სრულიად სხვაგვარად უყურებდა. კერძოდ, თუ მარკუს დიუსმანის 2022 წლის ინტერვიუს გავიხსენებთ, მან ასეთი რამ თქვა: „ვერ დაგპირდებით, თუმცა ჩვენ ამ იდეას განვიხილავთ“. უკან მოხედვისას, Audi-ს ყოფილი ხელმძღვანელი, სავარაუდოდ, 2023 წლის დასაწყისში წარმოდგენილ Activesphere-ის კონცეფციას გულისხმობდა.
ეს იყო უცნაური პროპორციების მქონე SUV, უკანა მინის პანელითა და მკვეთრად დახრილი სახურავით. თუმცა ეს მოდელი წარმოებაში არასდროს ჩაუშვიათ და ამას არც არავინ მოელოდა.

რადგან დიოლნერი პიკაპებს კარს უკეტავს, ალბათ Scout Terra-ს „აუდისეული“ ვერსიაც უნდა გამოვრიცხოთ. Volkswagen Group-ის ახლადშექმნილი ბრენდი ელექტროპიკაპზე მუშაობს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბენზინის ძრავითაც წარადგენს. არსებული გეგმით, წარმოება მომდევნო წლიდან სამხრეთ კაროლინაში მდებარე ქარხანაში დაიწყება და შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ Audi მის კონკურენტს არ გამოუშვებს.