ახალი წელი, ძველი პრობლემები — Ford 2 მოდელს უკან გაიწვევს
Ford-მა 2026 წელი დაიწყო ზუსტად ისე, როგორც 2025 წელი დაასრულა და უკან გაწვევების ახალი ეტაპი დააანონსა. გასულ კვირას, კომპანიამ დაახლოებით ნახევარ მილიონ მომხმარებელს სთხოვა, შუა ზამთარში გაშვებისწინა შემთბობი არ გამოეყენებინათ. ამჯერად, „ლურჯი ოვალის“ ამერიკელ მომხმარებელს ორი ახალი სადარდებელი დაემატა — კარგი ამბავი მხოლოდ ის არის, რომ ეს ორი გაწვევა მაინცდამაინც ბევრ ავტომობილს არ ეხება.
პირველი გაწვევის სამიზნე 2026 წლის Explorer-ია. ფორდის განცხადებით, შესაძლოა, მოდელზე საქარე მინა პოლიურეთანით საკმარისად მყარად მიმაგრებული არ იყოს — ამრიგად, ავტომობილი არღვევს უსაფრთხოების ფედერალურ სტანდარტებს.

Ford-ის განცხადებით, შეჯახების შემთხვევაში, საქარე მინა შესაძლოა ავტომობილისგან განცალკევდეს და მძღოლისა და მისი თანამგზავრების ჯანმრთელობის დაზიანების რისკი გაიზარდოს. აღნიშნულია ისიც, რომ, შესაძლოა, წვიმის შემთხვევაში, გაწვეული მანქანების სალონში წყალმა შეაღწიოს, ან დაირღვეს ხმოვანი იზოლაცია. ეს კონკრეტული გაწვევა Explorer-ის, სულ რაღაც, 8 ერთეულს ეხება, რომელიც გასული წლის 19-20 ოქტომბერს ააწყვეს. ცხადია, კომპანია 30 იანვრიდან ყველა დაზარალებულს ხარვეზს უფასოდ გამოუსწორებს.
რაც შეეხება მე-2 შემთხვევას, ის 2025 წლის Ford F-59 Commercial Stripped Chassis ეხება — თუ არ გაგიგიათ, ეს მოდელია, რომელიც ხშირად სატვირთოების ბაზად გამოიყენება (იხილეთ ფოტო). ამ შემთხვევაში, პრობლემა გახლავთ ის, რომ მუხრუჭის გამოყენებისას სდექ სიგნალები (მუხრუჭის მაშუქები) არ ინთება, ან, მეორე უკიდურესობაში, ინთება მაშინაც კი, როცა მუხრუჭის სატერფულს საერთოდ არ აწვებით. 
ეს გაწვევა 146 ერთეულ F-59-სა 85 ერთეულ F-53-ს ეხება ეხება, რომლებიც 2025 წლის 29 სექტემბრისა და 13 ოქტომბრის შუალედში აეწყო. ხარვეზის გამოსწორება ამ შემთხვევაშიც საკმაოდ მარტივია და ამერიკული ავტომწარმოებელი ამას თავად უზრუნველყოფს.
შესაძლოა, ეს გაწვევა ძალიან ვიწრო მასშტაბებს ფარავს, თუმცა, როგორც ჩანს, Ford უკან გაწვევების ტენდენციის ღალატს არც წელს აპირებს.